სს „საქართველოს განვითარების ფონდმა“ (DFG) 2024 წელი ზარალით დახურა. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფის წმინდა ზარალმა 10.4 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს საინვესტიციო ფონდის მოგება 33.1 მილიონ ლარს შეადგენდა.
"საქართველოს განვითარების ფონდი" საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შედეგად შეიქმნა. ფონდი ამჟამად ფლობს რამდენიმე საინვესტიციო პროექტის წილს, თუმცა მას აღარ ეკუთვნის სისტემური მნიშვნელობის სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც ფონდიდან ეტაპობრივად გასულ წლებში გამოვიდნენ. ამჟამად ფონდის ძირითადი შემოსავალი უკავშირდება იმ კომპანიებს, სადაც ის წილებს ფლობს, ესენია სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" და "აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონი", რომელიც თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების წარმოებით არის დაკავებული.
2024 წელს ფონდის ჯამურმა საოპერაციო შემოსავალმა 41.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
საქართველოს განვითარების ფონდის შემოსავლები ასე ნაწილდება:
- სასტუმრო ბორჯომი ლიკანი - 15.3 მილიონი ლარი, ზრდა 1.1 მილიონი ლარი;
- აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონი - 25.5 მილიონი ლარი, ზრდა 13.5 მილიონი ლარი;
- სხვა სეგმენტებიდან შემოსავალი - 0.5 მილიონი ლარი, კლება 1 მილიონი ლარი.
ფონდის კონსოლიდირებული შემოსავლის ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ფონდმა ზარალით დაასრულა, რაც უკავშირდებოდა აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონის ზარალს. ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს გაზრდილი ხარჯების გამო, ამ მიმართულებით ზარალი დაფიქსირდა.
"განპირობებულია ფონდის შვილობილი საწარმოს, სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-ს (ATC) 2024 წლის უარყოფითი შედეგით. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ფონდისა და ისრაელის კომპანია „Elbit Systems – Cyclone“-ის ერთობლივ საწარმოს, რომლის საოპერაციო მართვას ახორციელებს „Elbit Systems – Cyclone“-ი,"- აღნიშნულია ფონდის განმარტებაში.
ამასთან, საქართველოს განვითარების ფონდი მიუთითებს, რომ ისინი არ არიან ჩართული საწარმოების მართვის პროცესში.
ფონდის საერთო კაპიტალი 2024 წლის ბოლოს 384.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად მცირედით, დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით შემცირდა. კაპიტალის ძირითადი ნაწილი – 250 მილიონი ლარი – სააქციო კაპიტალს უკავია. გაუნაწილებელი მოგება 178.8 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ფონდის ჯამური ვალდებულებები 2024 წლის ბოლოს 114.3 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა (2023 წელს 153.8 მლნ ლარი). გრძელვადიანი ვალდებულებები 45 მილიონ ლარს მოიცავს, ხოლო მოკლევადიანი - 69.3 მილიონ ლარს.
მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია სესხებსა და კრედიტებს: 2024 წელს გრძელვადიანი სესხები 33.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა მოკლევადიანი სესხები 19.9 მილიონ ლარამდე შემცირდა.
უფრო ვრცლად, უშუალოდ საავიაციო ნაწილების საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში - 2024 წელს Boeing-ის ქართულ კონტრაქტორს - კომპანია "ციკლონს" $6.3 მილიონის ზარალი ჰქონდა




























