2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ინფორმაციის, კომუნიკაციისა და IT სექტორში ხელფასები შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. თუმცა, ამ კლების მიუხედავად ეს სექტორი ანაზღაურებების მიხედვით ქვეყანაში კვლავ #1 ადგილს იკავებს. ამ სექტორში საშუალო ხელფასი მეოთხე კვარტალში თვეში 4008 ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 301 ლარით, ანუ 7%-ით არის შემცირებული.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა, რაც რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან IT სპეციალისტების საქართველოში მიგრაციის ტალღას უკავშირდებოდა. იქამდე, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი საფინანსო და სადაზღვევო სექტორი იყო, რომელმაც მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა, ამჟამად საქართველოში რუსული მიგრაციული ეფექტი მცირდება, რის გამოც შესაძლებელია IT სექტორში საშუალო ხელფასები კიდევ შემცირდეს.
სექტორი | საშუალო ხელფასი 2024 წლის მეოთხე კვარტალში | სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 4008 | -7% |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 3374 | 8% |
მშენებლობა | 3362 | 10% |
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 3259 | 12% |
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება | 2584 | 12% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება | 2570 | 17% |
ტრანსპორტირება და დასაწყობება | 2492 | 3% |
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება | 2425 | 1% |
საშუალო ხელფასი ყველა სექტორისთვის | 2218 | 8% |
დამამუშავებელი მრეწველობა | 2166 | 15% |
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 2045 | 9% |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | 2035 | 6% |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 2013 | -2% |
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 1844 | 16% |
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | 1746 | 13% |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 1716 | 10% |
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 1698 | 16% |
სხვა სახის მომსახურება | 1608 | 6% |
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 1506 | 14% |
განათლება | 1409 | 22% |