"საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიას და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა“, - ამის შესახებ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუბენ რამირეს ლესკანომ ილია დარჩიაშვილის მასპინძლობისას განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პარაგვაიში იმყოფება.
დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ბრწყინვალედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებს.
„ჩვენ ამ კუთხით თანამშრომლობაზეც შევთანხმდით. ასევე განვიხილეთ ტურიზმისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზები და განვსაზღვრეთ საერთო ინტერესის სხვა სფეროებიც“. - აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.
პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღო საქართველოში მიწვევა და ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური ინსტიტუციების ფარგლებში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ილიას სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ დავარწმუნო ის, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას", - აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორც დარგობრივი, ისე პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. მიესალმნენ კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობის სფეროებში და აღნიშნეს ამ კუთხით საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის 2023 წელს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს მემორანდუმი კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებმა გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით დიპლომატიური სასწავლო პროგრამები და პროექტები.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.




























