რუსული სააგენტო РБК ტუროპერატორებზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში მოგზაურობაზე “ბუმი” არ არის. კერძოდ, ტუროპერატორებმა გამოცემას უთხრეს, საქართველოს მიმართულებით ჯავშნების კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა არ აქვთ.
ამის მიზეზად კომპანიის წარმომადგენლები თვითმფრინავის ბილეთის მაღალ ფასს და ქვეყანაში შესაძლო არამეგობრულ გარემოს ასახელებენ.
“მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენები აღდგებოდა, რუსი ტურისტების ინტერესი გამოცოცხლდა, თუმცა ჯავშნებზე "ბუმი” არ არის”,-უთხრა Русский экспресс-ის წარმომადგენელმა РБК–ს.
საქართველოს მიმართულებით ჯავშნების მნიშვნელოვანი ზრდა არ ჰქონია არც Интурист-ს. როგორც მისი წარმომადგენელი ამბობს, საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა ბილეთის ფასი ტურს აძვირებს.
Русский экспресс-ის წარმომადგენელი დაბალ ინტერესს რუსების მიმართ ქვეყანაში არსებულ განწყობასაც ასახელებს და ამბობს, რომ “აზიმუტის” პირველ ფრენას საქართველოში პროსტესტით დახვდნენ.
2019 წლის შემდეგ მოსკოვი-თბილისის რეისზე პირველი ფრენა 19 მაისს რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” შეასრულა. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს.