მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 29 მილიონ 902 ათასი დოლარის ღირებულების 67 959 ტონა ბოცების, ბოთლების და მინის სხვა ტევადობების იმპორტი განხორციელდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლიურად იმპორტის ღირებულება 13.7%-ით შემცირდა, მოცულობები კი 14.9%-ით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზრებზე ბოცების, ბოთლების და მინის სხვა ტევადობები გაიაფდა.
მინის ჭურჭლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის რუსეთია. ამ დასახელების პროდუქტი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების TOP-5-ეულში მოხვდა. იანვარ-მაისში საქართველომ ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყნიდან 18 მილიონ 589 ათასი დოლარის ღირებულების 47 782 ტონა ბოცები და ბოთლები შეიძინა, რაც ღირებულებაში წლიურად 15.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო მოცულობაში კი 16.9%-ით გაიზარდა. წელს მინის ბოცები და ბოთლები სხვა ქვეყნებიდანაც ვიყიდეთ. იმპორტიორი ქვეყნის TOP-5-ეული ასეთია:
- რუსეთი - $18.5 მლნ, 47 782 ტონა;
- სომხეთი - $7.5 მლნ, 16 838 ტონა;
- ჩინეთი - $1.1 მლნ, 415 ტონა;
- თურქეთი - $572 ათასი, 687 ტონა;
- საფრანგეთი - $453 ათასი, 167 ტონა.
მცირე მოცულობებით მინის ტარა უზბეკეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც ვიყიდეთ.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან წელს იანვარ-მაისის განმავლობაში მინის ბოცებისა და ბოთლების ექსპორტიც განხორციელდა, თუმცა მაჩვენებელი მცირე იყო. ჯამში ამ პერიოდში 635 ათასი დოლარის ღირებულების 1 217 ტონა მინის ტარა გავყიდეთ. ექსპორტი გაორმაგებულია და თითქმის სრულად ადგილობრივ ექსპორტს წარმოადგენს. საქართველოდან მინის ბოცები და ბოთლები 4 ქვეყანაში ვყიდით. ესენია: აზერბაიჯანი (569 ათასი დოლარი, 1 090 ტონა), სომხეთი (56 ათასი დოლარი, 124 ტონა), თურქეთი (7 ათასი დოლარი, 0.2 ტონა) და გერმანია (1 ათასი დოლარი, 2 ტონა).