საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძის აზრით, საქართველოს მომავლით თამაშს წერტილი უნდა დაესვას. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
- სად მივყავართ ბიძინა ივანიშვილის?
- ვერ გეტყვით. არ ვიცი...
- რა ჩანს?
- ბატონ ბიძინას შეიძლება სჯერა, რომ ქვეყანა მიჰყავს თავისი წარმოდგენით იქითკენ, როგორიც უნდა იყოს ეს ქვეყანა. მესიანიზმის კომპლექსი ყველას უჩნდება - „მე რაც წარმომიდგენია ამ ქვეყნისთვის, რა არის ყველაზე კარგი და ამ ქვეყანას ეს უნდა“ და შემდეგ, როცა გარემოცვა გეუბნება, რომ „კი, ასეა... ეს არის ყველაზე სწორი გზა და ამ ყველაფერს ქართველები დედის რძესთან ერთად შევირგებთ", შენც იჯერებ რომ მხსნელი ხარ...
- მცირე იმედი მაინც გაქვთ, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მყოფი „ოცნების“ ძველი თუ ახალი დეპუტატები რამე განსხვავებულს ეტყვიან მან ან სარკეში ჩახედვას შეეცდებიან?
- ისინი ძალიან დიდ კომფორტში იქნებიან... იქ ალბათ რამდენიმე სცენარია დაწერილი და ალბათ ის [ივანიშვილი] თვლის, რომ ჯერჯერობით სწორი თამაში მიდის იმ პირობებში, რაც გარეთ, მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე ხდება. თამაში - სწორი სიტყვა გამოვიყენე, რადგან დღეს პოლიტიკური თამაში მიდის ჩვენით ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მაღალი ფსონებით და ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ეს ფსონები ეხება ჩვენი შვილების, საქართველოს მომავალს და ზოგიერთი თვლის, რომ ამ თამაშს მოიგებს და ქვეყანას პრობლემები არ შეექმნება.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- საქართველოთი თამაშს... მე როგორც მოქალაქეს არ მიმაჩნია, რომ ეს თამაში ღირდეს იმ შედეგად, რაც შეიძლება დადგეს.