საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, შესაბამის კურსს უნდა დაუბრუნდეს და სტანდარტები დააკმაყოფილოს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
„ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა მივდიოდეთ. მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ, მაგრამ თქვენ იცით პროცესი, უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, გაწევრიანებას ვერ შეძლებთ. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გსურთ, კურსს უნდა დაუბრუნდეთ.
ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, გვსურს პოზიტიური ურთიერთობა და უნდა ვიმუშაოთ ამაზე. არ არსებობს განზრახვა, რომ რამე გავაკეთოთ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
მისივე თქმით, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს და ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს.