მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე ევროკავშირის მაჩვენებლის 37%-მდე გაიზარდა - მინისტრის მოადგილე

64368de516f3e
BM.GE
12.04.23 15:05
625
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზები განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით, 2024 წელს კი 5%-ით გაიზრდება. IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ამასთან 2028 წლამდე საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ფონდის პროგნოზით 5% იქნება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე EU-ს მაჩვენებელს უახლოვდება. 

ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11300 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.

„საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდის უფრო მეტად დაჩქარება წარმოადგენს, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის პროგნოზირებული. აღნიშნული მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს ერთის მხრივ, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, ისე სტრუქტურული ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ზოგადად, ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალი ტემპებით მოვახდინოთ ეკონომიკის შემდგომი ზრდა“, - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში ასევე საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება, რაზეც პერმანენტულად მიმდინარეობს მუშაობა.

„ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობასა და მისი კეთილდღეობის ზრდაზე“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები