ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონის პარლამენტში თავიდან წარდგენა შემაშფოთებელია. ბორელის განცხადებით, ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. აღნიშნული კანონი პარლამენტში იყო წარდგენილი და საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა - ეს არ შესრულდა.
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და მე, გასულ კვირას განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი პარლამენტში თავიდან წარადგინეს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ რომ საბჭოზე იყო მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე.
მომდევნო საბჭო შვიდ მაისსაა დანიშნული, მაგრამ ამ საკითხზე ჟოზეპ ბორელს არაფერი უთქვამს.