მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობრივი გზავნილები უკვე უქმნის საფრთხეს EU-ს კომპანიების ინვესტიციებს - სვენ გიგოლდი

სვენ გიგოლდი

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, სვენ გიგოლდი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაერთიანებაზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობრივი გზავნილები უკვე უქმნის საფრთხეს ევროპული კომპანიების ინვესტიციებს.

მისივე შეფასებით, ოფშორული ზონებიდან ფულის გადარიცხვის საკანონმდებლო ხელშეწყობა არ შეესაბამება ოფშორულ ზონებთან ბრძოლის ევროპულ ძალისხმევას. ოფშორებიდან აქტივების გადმოტანაზე დაწესებული საგადასახადო შეღავათები ერთ-ერთი საკითხია, რაზეც მან საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას გაამახვილა ყურადღება.

სვენ გიგოლდი, რომელიც საქართველოში, ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, 7-8 მაისს იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და დამოკიდებულია პირობებზე. მისივე თქმით, გაწევრიანების პროცესი საფრთხეშია.

ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მზარდი ეჭვები სერიოზული შეშფოთებას იწვევს. ასევე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები. საერთაშორისო სანქციები განსაკუთრებით უნდა გავრცელდეს პოლიტიკურად აქტიურ პირებზე. ოფშორული ზონებიდან ფულის გადარიცხვის საკანონმდებლო ხელშეწყობა არ შეესაბამება ოფშორულ ზონებთან ბრძოლის ევროპულ ძალისხმევას. არც LGBTIQ ადამიანების უფლებების შეზღუდვის გამოცხადებული საკონსტიტუციო ცვლილება არ იწვევს ნდობას და არც სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა და ქალთა უფლებების შესუსტება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კულტურული, სოციალური და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინტენსიური მხარდაჭერა არის მზარდი მეგობრობის გამოხატულება და არა დასადეკლარირებელი ხარვეზი. ევროკავშირში გაერთიანებაზე მთავრობის წინააღმდეგობრივი გზავნილები უკვე უქმნის საფრთხეს ევროკავშირის კომპანიების ინვესტიციებს“,- აღნიშნავს სვენ გიგოლდი.

ის ყურადღებას ამახვილებს გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ახალ თანამშრომლობაზე მოხდა შეთანხმება.

„საქართველოსა და გერმანიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ხსნის ისტორიულ შესაძლებლობას ამ მეგობრობის გაღრმავებისთვის. საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროპაში მომავლის ეს შესაძლებლობა ახლა მტკიცედ უნდა იქნეს გამოყენებული და არ იყოს საფრთხის ქვეშ.

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტრო მხარს უჭერს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა წარმატებული პროგრამით. მე თვითონ შევძელი დამენახა გერმანული კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ. შევთანხმდით ახალ თანამშრომლობაზე საქართველოს კონკურენციის მარეგულირებელთან. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს უზრუნველყოს მკაცრი და სამართლიანი კონკურენცია კიდევ უფრო ეფექტურად, მომხმარებლებისა და ახალი კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოებაში“,- განაცხადა სვენ გიგოლდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები