მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $24.6 მილიარდამდე გაიზარდა

დოლარი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.6 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 77.9%-ია.

სებ-ის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 32.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 276.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად 171.7, 33 და 39.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11 მლრდ აშშ დოლარი (30.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.7%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.8%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 835.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 441.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.4%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9%).
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.6 მლრდ აშშ დოლარი (21.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3 მლრდ აშშ დოლარი (8.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.5%). მთლიანი საგარეო ვალის 88.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

სებ-ის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (35 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 39.5%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.4 მლრდ აშშ დოლარია (17.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.2%-ია.

ამასთან, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებებმა გამოიწვია ვალის 5.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციულმა ცვლილებებმა კი 19.8 მლნ. აშშ დოლარით შემცირება.

"მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 835.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 457.7 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი",- აღნიშნულია სებ-ის მიერ საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები