საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთლიანი საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორის ვალის შესახებ მოიცავს ინფორმაციას. ანგარიშის თანახმად, მთლიანი ვალი 25.5 მილიარდი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ვალის მატების მთავარი ფაქტორი კერძო სექტორის ვალის ზრდა იყო, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა კი კვლავ 11 მილიარდ დოლარზე შენარჩუნდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11 მლრდ აშშ დოლარი (30.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 822.8 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.4%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 449 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6%).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 8.6 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.1%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.2%) და კომპანიათა შორისმა ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.8%). მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 15.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 4.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, 2025 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 822.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 461.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.




























