ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა პროგრესი განიცადა.
უკანასკნელ განახლებამდე საქართველო 75-ე ადგილს იკავებდა, ხოლო თურქეთთან დაპირისპირების შემდეგ FIFA-ს რეიტინგში ერთი ადგილით დავწინაურდით და ამჟამად 74-ე პოზიცია გვიკავია. სიაში ადგილი გავუცვალეთ ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად 75-ე ადგილზე იმყოფება.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეებს შორის უმაღლესი, მეექვსე პოზიცია პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს უკავია, თურქეთი ორი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად 42 პოზიციას იკავებს, ხოლო ჩეხეთის ეროვნული ნაკრები პირიქით ორი ადგილით დაწინაურდა და ამჟამად რეიტინგში 34-ეა.
ცნობისთვის, საერთო სიის ლიდერი არგენტინის ეროვნული ნაკრებია, რომელსაც მოჰყვებიან საფრანგეთი, ბელგია, ბრაზილია და ინგლისი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი 156-ე ადგილია, ხოლო საუკეთესო კი 42-ე.