მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ანტი ლგბტ კანონი და თავი უნდა შეიკავოს მასტიგმატიზებელი რიტორიკისგან - მაიკლ ო’ფლაჰერტი

ო’ფლაჰერტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან. ამის შესახებ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 6 სექტემბერს გაუგზავნა.

მაიკლ ო’ფლაჰერტი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ სტიგმატიზაციის გამომწვევი რიტორიკის გამოყენებისგან.

კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას ლგბტ ადამიანების მიმართ ცრურწმენის შესახებ ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსში.

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ე.წ. "ოჯახური ღირებულებების დაცვის" ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციულ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ევროკავშირმა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღება დაგმო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს, რადგან ის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები