მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი“ - ირაკლი ღარიბაშვილი

62305cc950194
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.22 13:35
1105
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი“. ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტების გაუქმებას შეეხებოდა. 

ამის შესახებ პრემიერმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა და აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსენება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე - რატომ არ მისცა მთავრობამ პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტებზე თანხმობა, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კონსტიტუციით მთავრობისათვის მინიჭებული უფლებამოსილება მოიშველია და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე ომის პირობებში ქვეყნის მთავარსარდალი ადგილზე უნდა ყოფილიყო.

„პირველ რიგში, კითხვაზე, რატომ არ მისცა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებზე თანხმობა, ძალიან მარტივი პასუხი არსებობს - საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან და მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელებისას.

არც მაშინ და არც ახლა, როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტი - მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და  უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმის, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე და აქვე დავამატებ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა; შესაბამისად, ნებისმიერი შეხვედრა უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები