საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება, - შესაბამის ცვლილებები შედის კანონში და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ცვლილება შედის „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში და მას ემატება:
„სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები მუხლი 8¹
- საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია (შემდგომ - ცერემონია) იმართება თანამდებობის დაკავების წინ, არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში.
- ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან“.
ცვლილებების შესახებ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 25 ივნისს განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულების მოახლოებითა და მომავალი საშემოდგომო სესიის შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტში ჩატარდება, ხოლო ცერემონიას ორგანიზებას და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევს. ამასთანავე, ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ახალ პრეზიდენტს და ყოველ მომდევნო პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება.
„300 წევრიდან 150 პარლამენტის წევრია. კოლეგიაში, ასევე შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკრებულოებიდან პროპორციულობის წესით განსაზღვრული კვოტით შერჩეული ხმოსნები. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სასახლეში გაიმართება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ფიცის დადების ცერემონიაც საქართველოს პარლამენტში გაიმართოს. სწორედ ამ საკითხს აწესრიგებს ეს საკანონმდებლო ცვლილებაც“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის საქართველოს პარლამენტის სასახლეში გამართვა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის ლოგიკური და აუცილებელი გაგრძელებაა, რაც კარგი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით საჭიროებს საკითხის საკანონმდებლო აქტით მოწესრიგებას.
„მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ხარჯების დაფარვის წყარო, რამაც წლების მანძილზე არაერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრება განაპირობა. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს კომპლექსურად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი, რისთვისაც განსაზღვრავს, რომ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და რომ ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან“, - ნათქვამია ცვლილებათა კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ევროპის არაერთ ქვეყანაში იმართება. ასეთი ქვეყნებია: გერმანია, ავსტრია, იტალია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და სხვა.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გენრიეტა წიწავა, ირაკლი შატაკიშვილი არიან.