"ავერსი-ფარმას" მმართველი საბჭოს წევრის ლევან კურტანიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონში სამედიცინო ჰაბად ქცევის პოტენციალი აქვს. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“, „ავერსის“ 2025 წლის შედეგებისა და 2026 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ საქართველო გახდეს ერთგვარი სამედიცინო ჰაბი რეგიონში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს“, - აღნიშნა ლევან კურტანიძემ და იმ უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი შეფასებით საქართველოს სამედიცინო ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება: „პირველ რიგში ის, რომ საქართველოში მედიცინა ძალიან მაღალ დონეზეს; მეორე ის, რომ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს - უმაღლესი დონის, თავისთავად ძალიან მაღალი დონის აპარატურა გვაქვს და, რაც მთავარია, ჩვენთან სამედიცინო მომსახურების მიღება, იქნება ეს კვლევების ჩატარება თუ მკურნალობა, გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც იგივე დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ. იქნება ეს გერმანია, ამერიკა, ისრაელი, თუ თუნდაც თურქეთი“.
გორი, თბილისი, რუსთავი - ასეთია „ავერსის“ კლინიკების ქსელის გაფართოების და განვითარების გეგმა, რომელსაც კომპანია გეგმაზომიერად მიჰყვება. მათგან გორის კლინიკის გახსნა 2026 წელს იგეგმება.
„გორში სულ ცოტა ხანში დავასრულებთ და გაიხსნება, ეს მესამე ფილიალი. ასევე მიმდინარე პროექტი გვაქვს რუსთავში, „ავერსის“ კლინიკის მეორე ფილიალი გაიხსნება. ყველაზე დიდი პროექტი ამჟამად თბილისში გვაქვს. „ავერსის“ კლინიკის ცენტრალური ფილიალის გვერდით, 45 000 კვადრატულ მეტრის სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება. ანუ, ყველა კლინიკაში გავაფართოებთ არსებულ სერვისებსაც, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. დავამატებთ ახალ სერვისებსაც. თბილისში საკმაოდ დიდი გამოდის, მრავალსაწოლიანი იქნება, თუმცა საწოლების რაოდენობა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართველ პაციენტებშიც და ასევე ჩვენ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პაციენტი გვყავს უცხოეთიდან. ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და ათვისება გვინდა“, - განაცხადა „ავერსი-ფარმას“ მმართველი საბჭოს წევრმა.
კლინიკების განვითარებისა და ტექნოლოგიური მიღწევების საქართველოში შემოტანის მიზნით, ლევან კურტანიძის თქმით, „ავერსი“ მუშაობას არ წყვეტს: „ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი აპარატი გვაქვს, რაც მსოფლიოში სულ რამდენიმე დაწესებულებაში დგას“.
„ავერსი ფარმას“ მმართველი საბჭოს წევრის ინფორმაციით, სწორედ ამ მიმართულებით, „ავერსის კლინიკებში“ 2025 წელს საკმაოდ ბევრი აპარატი დაამატეს და პროგრამული განახლებები გააკეთეს: „დავამატეთ რამდენიმე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, დავამატეთ სხვადასხვა პროგრამული განახლებები უკვე არსებულ აპარატებს და 2026 წელიც სიახლეებით დავიწყეთ. რამდენიმე დღეში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩაირთვება მსოფლიოში ყველაზე ახალი და ყველაზე ძლიერი 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია „ქენონისგან“. პარალელურად, ჩვენი ექიმები საზღვარგარეთ სწავლებას გადიან, რომ ამ აპარატის შესაძლებლობები 100%-ით გამოიყენონ“ - აღნიშნა ლევან კურტანიძემ.
მისივე თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის უახლესი აპარატი ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი, რაც ექიმს სწორი დიაგნოზის დასმასა და დასკვნის დაწერაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
„ეს აპარატი საქართველოსთვის უნიკალურია. მას სპექტრალური ფუნქცია აქვს, ანუ სხვა დონეზე ხედავს სურათს. მასში დამატებული ხელოვნური ინტელექტი, აუმჯობესებს გამოსახულებას, ამცირებს კვლევის დროს, რაც ექიმისთვის ძალიან დიდი კომფორტია, პაციენტის კი ნაკლები ხანი უწევს კვლევაზე ყოფნა, ამასთან, ეს აპარატი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ასისტენტია ექიმისთვის. ხელოვნური ინტელექტი ცოცხალ რეჟიმში პაციენტის სურათს მსოფლიოში სხვა ათასობით, ათიათასობით სურათს ადარებს და ექიმს ძალიან კარგ რჩევებს აძლევს, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოოდ ექიმი წერს დასკვნას და პასუხისმგებელია ამაზე“.
ლევან კურტანიძე კლინიკების ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ყურადღებას მედპერსონალის გადამზადებაზე ამახვილებს და ამბობს: „AI ექიმის დამხმარეა, მაგრამ ის, რომ AI-მ ამ შემთხვევაშიც სწორად იმუშაოს, სჭირდება ექიმს სწორი გადამზადება იმისთვის, რომ ეს აპარატიც სწორად იმართოს. ამ მხრივ „ავერსი“ საკმაოდ დიდ ინვესტიციებსაც ახორციელებს. ამ მხრივ საქართველოშიც მუდმივად გვაქვს ტრენინგები. ყველა კლინიკაში შესაბამისი სამსახური გვაქვს, რომელიც ექიმების, მთლიანად სამედიცინო პერსონალის გადამზადებაზე მუშაობს, ასევე მუშაობს იმისთვის, რომ ის აპარატურა, რასაც ჩვენ ვიძენთ, 100%-ით აითვისონ და გამოიყენონ. ახლაც ექიმების რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი საზღვარგარეთ არის წასული, უცხოური გამოცდილების მისაღებად“.




























