მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რომელ ქალაქში ღირს ყველაზე ძვირი და იაფი საცხოვრებელი უძრავი ქონება?

ქუთაისი, გორი, რუსთავი

კვლევითი ორგანიზაციები თბილისის და ბათუმის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული უძრავი ქონების ფასებზე მონაცემებს არ აქვეყნებენ. თუმცა, ზოგიერთ ქალაქთან მიმართებით არსებული საშუალო შეწონილი ფასის შესახებ „თიბისი კაპიტალმა“ ინფორმაცია „უძრავი ქონების პროსპექტს“ მიაწოდა.

მათი ანალიტიკის მიხედვით, იანვარში თბილისში კვადრატულ მეტრზე საშუალო შეწონილი ფასი 1 205$ იყო, გაყიდული ბინების ფართობი კი 194,534 კვ.მ.

ბათუმში საშუალო ფასად განსაზღვრულია $987, გაყიდული ბინების საერთო ფართობი კი წლის პირველ თვეში 50,095 კვ.მ.-ს შეადგენდა.

საშუალო შეწონილი ფასით ბათუმს მცირედით ჩამორჩება ბორჯომი, სადაც 971$-ია ღირებულება, მოთხოვნა კი ბევრად ნაკლები. იანვარში ტრანზაქციები სულ 3, 740კვ.მ-ის ფართობზე განხორციელდა.

თბილისის ბაზრის გააქტიურებამ დაასტიმულირა რუსთავის მიმართულებაც, სადაც ვხედავთ, რომ საშუალო ფასი 2024 წელს 705$-მდეა გაზრდილი, გაყიდული ფართობი კი 10,917 კვ.მ.-ია.

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემების მიხედვით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქზე იაფი ღირს უძრავი ქონება ქუთაისში, სადაც კვ.მ-ის ფასად 2024 წლის დასაწყისში 598$ იყო. იანვარში აქ 10, 981კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი ბინა გაიყიდა.

ჩამონათვალში უძრავი ქონება ქუთაისზე იაფი მხოლოდ გორშია, სადაც კვ-ზე ფასი $544-ად ანგარიშდება. რეალიზებული ქონების საერთო ფართობი კი 3,501 კვ იყო.

საქართველოში მთლიანად უძრავი ქონების საშუალო ფასი $997-ია, გაყიდული ფართობი კი იანვარში 307,396 კვ.მ-ს აღწევდა.

ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის გარდა, bmg-მ უძრავი ქონების საიტებზე არსებულ განცხადებებს და ფასებსაც გადახედა, რომელიც შეთავაზების მიხედვით განსხვავდება. მაგ. ისეთ ქალაქებში როგორიცაა ფოთი თუ ზუგდიდი, შეიძლება ძველ აშენებულ, 3-5 სართულიან სახლებში კვ-ზე ფასი $250-300-იდანაც იწყებოდეს და $1000-მდე იზრდებოდეს. ახალაშენებული ბინების მხრივ საკმაოდ აქტიურია ზუგდიდი.

რაც შეეხება კახეთს და კონკრეტულად თელავს, ss.ge-ზე სულ 57 განცხადება იძებნება და მათგან ყველაზე მეტი $600-მდე საფასო სეგმენტშია, თუმცა შეთავაზებაში ზუგდიდს მსგავსად არის ახალი კორპუსებიც, სადაც ფასი რიგ შემთხვევაში 1000$-საც აღემატება.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას კახეთში მომუშავე უძრავი ქონების კომპანია “ფროფერთრაის” დამფუძნებელმა ელენე იაშვილმა განაცხადა, რომ კახეთში მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ფასი კი 400-იდან 800$-მდე მერყეობს.

„კახეთში და განსაკუთრებით თელავში ფასი ყოველდღიურად მატულობს და ბინების დეფიციტია. იმის მიუხედავად რომ არ ჩანს, თელავში რეალურად 118 ძველი კორპუსია სადაც ყოველდღიურად იყიდება ბინები, მყიდველი თუა ათი, გასაყიდი შეიძლება იყოს ნული, როგორც კი შემოდის ბინა შეიძლება1სთ-ში გაიყიდოს. ძველ კორპუსში კვ.მ-ის ფასი არის 400-500$, გარემონტებული 600-650$-მდე, თუმცა აქ არ ვგულისხმობ ქალაქის ცენტრს, ისტორიული ხედებით. ახალ კორპუსებს რაც შეეხება შავი კარკასით ფასები იწყება 400$-იდან 800$-მდე.“ - განაცხადა იაშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისს, უძრავი ქონების კომპანია „კიდობანის“ დამფუძნებელი თენგიზ გიორგაია ამბობს, რომ ცენტრალურ უბნებში მშენებლობაზე ნებართვები თითქმის არ გაიცემა, რამაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში ფასი 1200$-იდან 1 400$-მდე გაზარდა. ახალაშენებულ კორპუსებში კი ფასები 700$-იდან იწყება.

„ქუთაისში უმეტესად საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონება შენდება, რომელიც საშუალო კლასის არის. პრემიუმ კლასის საცხოვრებლები თავის ეზოთი, პარკინგით, რეკრეაციული ზონით არ გვაქვს. ქალაქის ცენტრში ისტორიული ზონაა და შეზღუდვებია მაღალ სართულიანზე, ნებართვა არ გაიცემა, ამიტომ კომპანიები გამოდიან გარეუბნებში. ახალაშენებულ კორპუსში ნორმალურ ადგილზე 700$-იდან იწყება ფასი, ცენტრში 1200-1400$-იც კი ღირს რადგან ცენტრში როგორც აღვნიშნე შეზღუდვაა ახალ მშენებლობებზე, რაც დეფიციტს ქმნის.

ძველი გარემონტებული ბინები ცენტრალურ უბნებში, ავეჯით 1200$ ღირს, სარემონტოს ფასი ცენტრში 900-1000$-ია.“ - განაცხადა გიორგაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები