მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რომელ რეგიონებს დააზარალებს ტურიზმის შემცირება - Galt&Taggart პროგნოზი

5eecd44def1c3
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 20:00
1184
Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა - 58%-ით, საქართველოში კი, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით შემცირდება.

ამის შესახებ Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა 2020 წლის მეორე ნახევარში ტურიზმის გამოწვევების შესახებ გამართულ ვებინარზე განაცხადა.

საკონსულტაციო-კვლევითი კომპანიის ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით,  მსოფლიოში მინიმუმ 800 მლნ-ით შემცირდება ტურისტების რაოდენობა და მინიმუმ 900 მლრდ დოლარით შემცირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2020 წელს.

მან ასევე მსოფლიოში კრიზისისას შექმნილი ტურისტული ბუშტების პრაქტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა: „ამ პერიოდში გაჩნდა ე.წ. ტურისტული ბუშტების პრაქტიკა, რაც გულისხმობს მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქვეყნების ერთმანეთთან საზღვრების გახსნას. ჩვენ დავინტერესდით ვინ მოხვდებოდა საქართველოს ბუშტში და სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე ქვეყნების მცირე რაოდენობა მოხვდება საქართველოს ბუშტში“.

კახა სამყურაშვილის განმარტებით, ტურიზმის სექტორში 65%-იანი კლების შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდება.

„ჩვენი საბაზისო სცენარით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 65%-ით შემცირდება და დაახლოებით, იგივე მოცულობით შემცირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ყველაზე დიდი ზიანი ტურისტული ზონებიდან მიადგება აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს.

კვლევის პროცესში გამოვკითხეთ სასტუმროები და მათი მოლოდინებიც პესიმისტურია. ისინი ხანგრძლივი კრიზისისთვის ემზადებიან და განახლებულ სტრატეგიას ამზადებენ, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება შიდა ტურიზმი, როგორც კრიზისის შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება, რადგან ნაწილობრივი ხარჯები, რასაც ქართველები უცხოეთში ხარჯავდნენ შიდა ტურიზმს მოხმარდება“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები