მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს საგარეო ვალის აღების პრობლემა არასდროს ჰქონია" - რას ნიშნავს 50%-იანი ჩამორჩენა?

მიხეილ კუკავა

კომპანია „სტემსქეილის“ აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში ახალი ვალების აღების, მათ შორის, საგარეო კრედიტების გეგმის ვერშესრულება „ძალიან დამაფიქრებელია“.

"ბევრი წელია ბიუჯეტის შესრულებას თვალყურს ვადევნებ და ჩემი გამოცდილებით, არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა; საქართველოს მთავრობას საინვესტიციო კრედიტების მიღების პრობლემა არასდროს ჰქონია. ესეც შეიძლება იყოს სიგნალი, რომ კრედიტორები ფიქრობენ, როცა ქვეყანაში ასეთი გაურკვევლობაა, ღირს თუ არა მთავრობისთვის ხელშეწყობა იმაში, რომ განავითაროს თავისი ინფრასტრუქტურა... ამ შეღავათიანი კრედიტებით მშპ-ის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა შექმნილიყო“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მიხეილ კუკავამ.

საქმე ის არის, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ვერ შესრულდა ვერც შიდა და ვერც საგარეო ახალი ვალების გეგმა ანუ ფინანსთა სამინისტროს დაგეგმილი ჰქონდა, რომ იანვარ-მარტში 736 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებდა, მაგრამ გეგმა 83.1%-ით შესრულდა. კერძოდ, საშინაო ვალის გეგმა 96%-ით შესრულდა ანუ 613 მილიონის შიდა ვალი აიღეს. რაც შეეხება საგარეო ვალს, აქ გეგმასთან შედარებით 50%-იანი ჩამორჩენა დაფიქსირდა - ელოდნენ, რომ 246 მილიონი ჩამოირიცხებოდა, მაგრამ 123 მლნ ლარი ჩამოირიცხა. აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალი იყოფა ორად: „საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები“ და ბიუჯეტის მხარდამჭერი [საგარეო] კრედიტები, რომლის გეგმა იყო 69 მილიონი ლარი, თუმცა I კვარტალში ბიუჯეტს ერთი თეთრიც არ მიუღია ანუ შესრულება 0% იყო.

„სტემსქეილის“ აღმასრულებელი ოფიცერი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მდგომარეობა „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უკავშირდებოდეს.

„მე პირადად, ვიცი, არაერთი ინვესტორი, რომელმაც უბრალოდ შეაჩერა ინვესტიციები საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული თანხები უკვე ჰქონდა ინვესტირებული. მაგალითად, ვიცი, არაერთი აღმოსავლელი ინვესტორი, რომელსაც ჰქონდა ჰიდროენერგეტიკაში ფული ჩადებული და გაჩერდა... ვფიქრობდი, რას იზამენ ეს კომპანიები, იმ დანახარჯებს, რაც გასწიეს, წყალში გადაყრიან და არ გააგრძელებენ?! სავარაუდოდ, ასე არიან კრედიტორებიც. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრედიტები, რომელსაც საქართველო საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებს არის ძალიან შეღავათიანი პირობებით - დაბალი საპროცენტო განაკვეთით“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის განმავლობაში არაერთმა პარტნიორმა სახელმწიფომ თქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან ფინანსურ კავშირებს აჩერებდნენ და ახალ ვალდებულებებს არ აიღებდნენ.

BMG ფინანსთა სამინისტროსგან რამდენიმე დღეა ელოდება პასუხს, რით აიხსნება საგარეო ვალის აღების პირველი კვარტალის გეგმიდან 50%-იანი ჩამორჩენა და კერძოდ, რომელი დონორებისგან ვერ მიიღო ქვეყანამ დაგეგმილი ახალი ვალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები