რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის შეფასებით, შესაძლოა, საქართველოს სამომავლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებაზე წვდომა გაურთულდეს.
როგორც კახა გოგოლაშვილმა BMG-ის განუცხადა, თუკი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გარკვეული სანქციები დაწესდება და ფინანსური დახმარება შეიზღუდება, შესაძლოა, შემდეგი ეტაპი უკვე დონორი ორგანიზაციების დაფინანსების შეჩერება იყოს.
მისი თქმით, მთლიანობაში „რუსული კანონის“ მიღების ფონზე საქართველოსთვის მოსალოდნელი სანქციები, მათ შორის მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
„მსოფლიო ბანკისგან რომ მოგვდის კრედიტი ანდაც გრანტი, ჩვენ გვგონია, რომ ეს რაღაც აბსტრაქტული მსოფლიოდან მოდის? იქ დიდწილად სწორედ ამერიკული და ევროპული ფულია ჩადებული. თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრები, იქაც უმეტესობა ევროკავშირის შენატანებზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი შეიძლება შეიზღუდოს, რადგან მსგავს ორგანიზაციებშიც გადაწყვეტილების მიმღებ ბორდში ასევე აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლები არიან.
როდესაც ევროკავშირი და აშშ ქვეყნებს სანქციებს უცხადებენ, ამ სანქციებს შემდეგ ნელ-ნელა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც უერთდებიან. ასეთ ქვეყნებში მაგალითად, მსოფლიო ბანკის პროექტები აღარ ხორციელდება და მათ საფინანსო ორგანიზაციები კრედიტებს აღარ აძლევენ. ამიტომ ეს ყველაფერი დომინოს ეფექტივით შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება განიხილება. მისი თქმით, "რუსული კანონი" და მის გარშემო განვითარებული უარყოფითი მოვლენები აშორებს საქართველოს ევროკავშირს.