სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 224 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.42 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვები 15%-ით, ანუ 715 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
რეზერვების მატება ძირითადად სებ-ის მიერ მსხვილი შესყიდვებით არის განპირობებული. 2025 წლის განმავლობაში სებ-მა უკვე 1.5 მილიარდი დოლარი შეისყიდა (სექტემბრის დაზუსტებული მონაცემები 25 ოქტომბერს გამოქვეყნდება). კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რეზერვებს ზრდის ოქროს გაძვირებაა. სებ-მა 2024 წლის გაზაფხულზე 7 ტონა ოქრო 500 მილიონ დოლარად იყიდა, თუმცა მას შემდეგ ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად აღნიშნული პორტფელი უკვე 877.8 მილიონი დოლარი ღირს, შესაბამისად ოქროს გაძვირებამ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 377.8 მილიონი დოლარით გაზარდა, აქედან მხოლოდ გასულ თვეში ოქროს რეზერვების ღირებულება 91 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საქართველოს სავალუტო რეზერვები პიკურ მაჩვენებელზე 2023 წლის აგვისტოში იყო, აღნიშნულ თანხასთან შედარებით ამჟამად რეზერვები 11 მილიონი დოლარით ნაკლებია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სებ-ი დოლარის შესყიდვებს აგრძელებს სავარაუდოდ ის ოქტომბრის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.




























