ეროვნულმა ბანკმა დღეს ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების ზომა $1 მილიარდი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული.
ამასთან, ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 627 მილიონი დოლარის ვარდნა განიცადა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი შემცირებაა.
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4-მილიარდიან ნიშნულზე ბოლოს 2022 წლის ივლისში იყო.
გასულ თვეში რეზერვების კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი. იქამდე საჯაროა ინფორმაცია, რომ ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა. პირდაპირი სავალუტო ინტერვენციებისა და Bmatch პლატფორმით განხორციელებული გაყიდვების გარდა, რეზერვების კლებაზე, სავარაუდოდ, გავლენა სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვამაც იქონია, თუმცა აღნიშნული სტატისტიკაც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.