„პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში - SEPA-ში გაწევრიანება საქართველოდან ევროში გადარიცხვებს მნიშვნელოვნად გააიაფებდა.
როგორც ალექს მატუამ BMG-ის განუცხადა, ამ სივრცის წევრობა ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ევროში ტრანზაქციები ფაქტობრივად უფასოდ განახორციელოს. ამასთან, მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ამჟამად საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების პროცესი.
„ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში - SEPA-ში გაწევრიანება ევროში ტრანზაქციებს მნიშვნელოვნად გააიაფებდა. ფაქტობრივად, ევროს შემთხვევაში უფასო გადარიცხვებია. თუ დღეს [საქართველოდან] ევროს გადარიცხვები დაახლოებით 8-დან 25 ევრომდე ჯდება, ასეთი ფასი SEPA-ს [გაწევრიანების] შემთხვევაში არ იქნება. ამ სივრცეში გაერთიანება მხოლოდ სურვილს არ ნიშნავს, არამედ ბევრი მოთხოვნაა, პარამეტრები, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა ალექს მატუამ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში შეიტანა. შარშან სექტემბერში BMG-ის სებ-ში განუცხადეს, რომ განაცხადი ევროპული გადახდების საბჭოს მიერ კვლავ განხილვის პროცესში იყო და გადაწყვეტილების მიღების ვადები განსაზღვრული არაა.
რა ეტაპზეა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი განაცხადის შეტანიდან უკვე ორი წლის თავზე, ამ საკითხს BMG სებ-ში უახლოეს ხანებში ხელახლა მოიკითხავს.