მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა დარეგისტრირდა

არბიტრაჟი

საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო დავა დაიწყო. მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შევიდა მირიან დეკანოიძისა და კომპანია T.G. Trade-ის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ.

ICSID-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ საქმე კომპანიის წილების გადაცემას უკავშირდება, თუმცა დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი არაა.

ვებგვერდის თანახმად, მოსარჩელის უფლებებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper-ის ფრანგული ოფისი იცავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი იურიდიული კომპანია კი მითითებული არაა. 

საარბიტრაჟო დავა სავარაუდოდ, სააქციო საზოგადოება ვაგონშემკეთებელი ქარხანას უკავშირდება, რომლის წილების უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებითაც მირიან დეკანოიძე ჯერ კიდევ 2012 წელსაც აკეთებდა საჯარო განცხადებას. საქმესთან დაკავშირებით ქართული სასამართლო განიხილავდა. საქმეზე მოსარჩელე კომპანია T.G. Trade-ი იყო, მოპასუხე კი ბიზნესმენი ბადრი წილოსანი.

აღნიშნულ დავაში თ.ჯ. თრეიდი ითხოვდა ბათილად გამოცხადებულიყო 2008 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო აქტივები კვლავ თ.ჯ. თრეიდის საკუთრებაში დაბრუნებულიყო. 

სარჩელში შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები იყო აღწერილი:

2001 წლის 02 მაისს რეგისტრაციაში გატარდა, შპს ,,თ. ჯ. თრეიდი“, რომლის დამფუძნებლები 50-50%-იანი წილებით იყვნენ ნანა რუსიშვილი და ქეთევან ცინცაბაძე. ამავე თარიღიდან საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო ერთ-ერთი დამფუძნებლის - ნანა რუსიშვილის მეუღლე - ავთანდილ საყვარელიძე, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებდა საწარმოს მართვაში. 

2005 წლის 28 ივნისს, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად, შპს ,,თ. ჯ. 2 თრეიდმა“ პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან 6 000 000 აშშ დოლარად შეიძინა სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ 3 550 445 ცალი აქცია, რომელიც შეადგენდა აქციათა მთლიანი ოდენობის 51.635%. აქციათა დარჩენილი ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ამავე ქარხნის თანამშრომლებს, მათ შორის დაახლოებით 47% ეკუთვნოდა მოპასუხე ბადრი წილოსანს. 2006 წლის 25 იანვრიდან სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ავთანდილ საყვარელიძე.

2008 წლის 17 სექტემბერს ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და სხვა პარტნიორებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, შპს ,,თ.ჯ. თრეიდმა“ სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ აქციები საკუთრებაში გადასცა ამავე საზოგადოების მეორე პარტნიორ - ბადრი წილოსანს.

სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ძირითადი საქმიანობა იყო ელექტროვაგონების შეკეთება და მშენებლობა, შესაბამისად, მისი უმთავრესი დამკვეთი იყო სახელმწიფო საწარმო - შპს ,,საქართველოს რკინიგზა“, რომელთანაც 2007 წლიდან გართულდა ურთიერთობა. ურთიერთობის გართულების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ შპს ,,საქართველოს რკინიგზა“ განზრახ თავს არიდებდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას, არ ახდენდა სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებას, უარს ამბობდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდაზე, რითაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებდა კომპანიას.

სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ მიერ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შპს ,,საქართველოს რკინიგზას“, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა უშედეგოდ. სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“ იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ წინააღმდეგ 14 000 000 ლარის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. თუმცა სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ადვოკატს გიორგი ყავლაშვილს დაუკავშირდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი და კატეგორიულად მოსთხოვა სარჩელის უკან გამოხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა შპს ,,თ.ჯ. თრეიდის“ დირექტორის - დავით აბრამაშვილის (რომელიც იმ მომენტისთვის ფინანსური პოლიციის შენობაში იმყოფებოდა) შპს ,,თ.ჯ. თრეიდისა“ და სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ საყვარელიძის, ასევე ქარხნის დირექტორის - მირიან დეკანოიძის დაპატიმრებით,”- ნათქვამი იყო სარჩელის აღნწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები