მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მთავრობა საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე ₾58 მილიონს დახარჯავს

არბიტრაჟი

2024 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და საარბიტრაჟო დავების წარმოებაზე 58 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო იურიდიული კომპანიების დაქირავებაზე მიიმართება, რომლებიც საქართველოს მთავრობას ამ სასამართლო დავებში წარმოადგენენ. 

მიმდინარე წელს საერთაშორისო დავების წარმოების ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სთხოვა ნებართვის აღება დამატებით 20 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც იურისტების დაქირავება უნდა მოხდეს. ამ თანხის გამოყოფა გახდა საჭირო, რადგანაც საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ახალმა ინვესტორებმა შეიტანეს სარჩელები. 

2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ წააგო მრავალწლიანი დავა რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 76 მილიონი დოლარის კომპენსირება დაევალა. 

რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო დავაში ინვესტორთა მიერ მოთხოვნილი თანხები ასე ნაწილდება:

  • „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
  • „მაგთის“ მფლობელი კომპანიების – „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინვესტორის ბობ მეიერის დავა – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;
  • „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ დავაში ტრიბუნალი აფასებს, მიაყენა თუ არა საქართველოს მთავრობამ „კავკასუს ონლაინის” ინვესტორს $200 მილიონი დოლარის ფინანსური ზარალი.

როგორც BMG-სთვის არის ცნობილი, 2023 წელს დაწყებული ერთ-ერთი დავა  შვეიცარიელ ინვესტორს რონალდ ვოლდმენს და შპს “ბაზელს” უკავშირდება.  ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ  საარბიტრაჟო სარჩელი მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიტანა. 

ამასთან, 2022 წელს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა განაცხადი. ამ დროისთვის უცნობია, რა არის დავაში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  ჰესის საინვესტიციო მოცულობა $800 მილიონს შეადგენდა, სავარაუდოდ ENKA-ს მიერ მოთხოვნილი თანხაც, ასობით მილიონი დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პროცესები საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდება, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტს სოლიდური ხარჯების გაღება მოუწევს, რაც ფინანსთა სამინისტროს შეფასებით ერთ-ერთ ფისკალურ რისკს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები