საერთაშორისო არბიტრაჟებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიმდინარე საინვესტიციო დავებთან დაკავშირებით იურიდიული კომპანიების მომსახურებისთვის მხოლოდ 2025 წლის 8 თვეში 31 მლნ 811 ათასი ლარია დახარჯული.
აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ გამოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრებში სახელმწიფოს წარმოადგენს.
როგორც წერილობითი პასუხიდან ირკვევა, 31,8 მილიონი ლარიდან უშუალოდ იურიდიული კომპანიებისთვის გადახდილია 27 მლნ ლარი, დანარჩენი თანხა კი ბიუჯეტში დღგ-ის სახით იქნა შეტანილი.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციითვე, 2024 წელს, საერთაშორისო არბიტრაჟებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიმდინარე დავების იურიდიული მომსახურება გადასახადების გადამხდელებს 59.7 მლნ ლარი დაუჯდა.
2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მესამე, საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთავრობა ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავება [არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა] 55 მლნ ლარი დაუჯდება.
ცნობისთვის: BMG თითქმის სამი თვე ელოდა, საერთაშორისო არბიტრაჟებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით სხვადასხვა საჯარო ინფორმაციას, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა. მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებდა - ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობით სულ რამდენი საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს [1. დავის რაოდენობა; 2. მოსარჩელე მხარე/კომპანია, 3. დავის საგანი და ღირებულება [ცალ-ცალკე როგორც საგანი, ისე - ღირებულება]; 4. საარბიტრაჟო ინსტიტუტი].
პაატა სალიას უწყებიდან მოგვწერეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამავე კოდექსის III თავის [ინფორმაციის თავისუფლება] მოქმედება არ ვრცელდება საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. „ვინაიდან დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ საარბიტრაჟო საქმეებზე სამართალწარმოებები კვლავ მიმდინარეობს, მოკლებულნი ვართ მათთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას“, - აცხადებენ სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ BMG მინიმუმ წელიწადში ერთხელ ითხოვს საჯარო ინფორმაციას საერთაშორისო არბიტრაჟებში მიმდინარე დავების შესახებ და დღემდე, პასუხებს კანონის ვადის დარღვევით, მაგრამ მაინც ვიღებდით.
თვალსაჩინოებისთვის იხილეთ, 2024 წლის დასაწყისში BMG-ზე გამოქვეყნებული აღნიშნული სტატია - 12 საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა საქართველოს წინააღმდეგ - ვინ გვიჩივლა?




























