პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება, რაც საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის გადატვირთვას ხელს უშლის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპუაშვილს სენატში დაგეგმილ მოსმენაზე ჰკითხეს, რომელიც საქართველოსაც შეეხება, რის საპასუხოდაც პაპუაშვილმა 2020 წლის არჩევნების საკითხი გაიხსენა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ კონგრესში საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში აშშ-ის ზოგიერთი წარმომადგენლის თუ პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ბრალდებები და ნარატივები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სურვილია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა. სამწუხაროდ, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა აშშ-ის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან წინა წლებში და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება გადატვირთვა და ამას ხელს უშლის, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები ვრცელდება.
რაც შეეხება კონგრესში განხილვას, ჩემი მოლოდინი არის ერთადერთი, რომ კონგრესი, საბოლოო ჯამში, მოვა მომენტი და გამოიძიებს თუ რა როლი ჰქონდათ 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს გაცემული აშშ-სგან და მაშინ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიგვიყვანა. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო და ამას გვიმალავდნენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია კარს უმტვრევდა ხან ცესკოს და ხან რომელ დაწესებულებას და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ყალბ ნარატივს ავრცელებდნენ. ჩვენ ასეთი პროცესი უკვე ვიხილეთ, როცა „სოროსის ფონდის“ ერთი წარმომადგენელი იქ ჩვენებას აძლევდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, ახლა ქალბატონი ეკა გიგაური აპირებს, ჩვენება მისცეს საქართველოს წინააღმდეგ",- ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. მოსმენა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია ჩანიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებს შეეხება. სამ მომხსენებელს შორის ერთ-ერთი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია.