მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტი პრემიერის წინააღმდეგ დეზინფორმაციისთვის სარჩელს კიდევ ერთხელ შეიტანს - რექტორი

კოკა თოფურია

საქართველოს უნივერსიტეტი დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე მეორედ უჩივლებს.

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც კობახიძემ თქვა - "თქვენ იცით, რომ სააკაშვილის დედამ ერთ ლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მიითვისა აგრარული უნივერსიტეტი, ისინი იჭრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში".

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია წერს, რომ ეს არ არის პირველი ბრალდება, როცა 1 ლარად უნივერსიტეტის ყიდვაში ადანაშაულებენ მფლობელებს, ამიტომ ახლა სარჩელი სასამართლოში კიდევ ერთხელ შევა.

"პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ იცრუა: სააკაშვილის დედამ 1 ლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტიო! ისე გამოუვიდა, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტი სადღაც არსებობდა, ხოლო გიული ალასანიამ ის 1 ლარად მიითვისა.

სინამდვილეში, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ ეს უნივერსიტეტი დააარსეს, არაფრიდან შექმნეს. რაც შეეხება შენობებს, სადაც ეს უნივერსიტეტია განთავსებული, ზოგიერთის შეძენა, აუქციონზე, რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად მოხდა, ზოგი კერძო პირებისგან იქნა შეძენილი, ზოგიც აშენდა. 1 ლართან დაკავშირებული ტყუილის კამპანია, ჯერ კიდევ თინა ხიდაშელმა და ჯონდი ბაღათურიამ დაიწყეს და მას მუდმივად იმეორებს ქართული ოცნება, პარლამენტარები, პრემიერ-მინისტრები... შარშან, საქართველოს უნივერსიტეტმა დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, როცა მათ ეს ტყუილი მორიგად გააჟღერეს. მოსამართლემ საქმის არსებით განხილვას არ მისცა მსვლელობა, იმ მოტივით, რომ პოლიტიკურ დებატში დასაშვებია პოლიტიკოსმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გააჟღერესო. ახლა უნივერსიტეტი თავიდან შეიტანს სარჩელს! თუ შარშან შესაძლებელი იყო თეორიულად დაგვეშვა, რომ კობახიძემ არ იცოდა რეალური ვითარება, აჰყვა გავრცეებულ ჭორს და გადაუმოწმებლად გაავრცელა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია, ამჯერად, მას შემდეგ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სარჩელი იქნა შეტანილი, ანალოგიური ლოგიკით მისი გამართლება ვეღარ მოხდება!", - წერს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები