მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ურთიერთობა EU-თან ძალიან ემსგავსება მტრული ბანაკების ურთიერთობას - ფინანსისტი

გიგა ბედინეიშვილი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ძალიან ემსგავსება მტრული ბანაკების ურთიერთობას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მმართველი პარტია 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში „:ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

გიგა ბედინეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ევროკავშირთან ურთიერთობაში „ესკალაციური დომინაციის სტრატეგია“ გამოიყენოს.

საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-თან ძალიან ემსგავსება მტრული ბანაკების ურთიერთობას. მაგალითად, ემსგავსება ამერიკის და რუსეთის ურთიერთობას უკრაინის საკითხთან მიმართებით. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, „ესკალაციური დომინაციის სტრატეგია“ გამოიყენოს - ეს ემსგავსება პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც აშშ-ის გადაწყვეტილების (უფლება მიეცა უკრაინისთვის, რუსეთის სიღრმეში ესროლათ ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი) საპასუხოდ რუსული ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი“ ისროლა.

ვფიქრობ, ზუსტად ასეთი რამ გააკეთეს ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა - ფატობრივად, მათ „ორეშნიკი“ ისროლეს იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ არათუ გვეშინია და უკან დავიხევთ, არამედ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და კიდევ უფრო მეტად მკაცრი პოზიციის დაფიქსირება, რადგან თქვენ უფრო გჭირდებით, ვიდრე ჩვენ და ამიტომ 2028 წლამდე არ ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში დავაყენოთო... სინამდვილეში ეს არის ბლეფი, რომელიც ძალიან მალე გამჟღავნდება, ოღონდ ამ პროცესში ჩვენ ძალიან დიდ ზიანს მივიღებთ“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, გააქრო ის მოლოდინიც, რომელიც საქართველოს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დათბობაზე, შეიძლება, ინვესტორების ნაწილს ჰქონოდა.

„შეიძლება, ვიღაცას ისევ გადაეწყვიტა, რომ საქართველო ნელა, მაგრამ მაინც მიცოცავდა ევროკავშირისკენ. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით „ოცნებამ“ ეს მოლოდინი გააქრო“, - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები