საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. შესაბამის დოკუმენტს ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ტურიზმის სფეროში კავშირების გაფართოებასა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდაზე.
შემცირებული სავაჭრო ბრუნვა და FDI - როგორია საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები?
„მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის, პოზიცია. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები, საერთო კულტურული ღირებულებები და მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად წვლილს ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხების ძირითად ინტერესებს და ქმნის მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ეს ყაზახეთში თქვენი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ჩვენს თანამშრომლობაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
ასევე მსურს აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი. საქართველო განაგრძობს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც დინამიკურ და მომავალზე ორიენტირებულ ქვეყანას, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს და გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში”, - აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
მისი თქმით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქართველი და ყაზახი ხალხების ინტერესებს ემსახურება.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი თვისებრივად ახალი ნაბიჯია.
„სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით.




























