აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 საქართველოში 2.5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზის ექსპორტი განხორციელდა.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ჯამში 46.7 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი აწარმოეს. წლიურად ქვეყანამ გაზის წარმოება 6.5%-ით თითქმის 3 მილიარდ კუბურ მეტრამდეა გაზრდილი.
2022 წელს აზერბაიჯანმა ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროპაში გაზის ექსპორტი აზერბაიჯანმა 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.
გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ბუნებრივი გაზის გაზის ბალანსი დაამტკიცა. მთავრობის პროგნოზით, წელს გაზის მიწოდება 3 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.
აქედან დაახლოებით 2.8 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის გაზს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს. წელს ოფციური/დამატებითი გაზის მოცულობა 1.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ასევე 200 მლნ კუბურ მეტრამდე იზრდება რუსეთიდან მიღებული გაზის მაჩვენებელიც.
დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის ძალაშია ორი კონტრაქტი: ოფციური გაზისა (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა შესყიდულ იქნეს გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის ბუნებრივი აირი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.