სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში უცხოელის სტუდენტების რიცხვი 16-ჯერ გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენად აქვს საქართველოს პოტენციალი საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ „გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ ისაუბრა.
„შეუძლებელი არაფერია, სტატისტიკური მონაცემებით 2009 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში სტუდენტების რიცხვი 16-ჯერ გაიზარდა და დღეის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 35 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყავს,“ - აღნიშნავს ანა აბესაძე.
მისი თქმით, მთავარ გამოწვევად უნივერსიტეტების მხრიდან კვალიფიციური კადრების მნიშვნელობის გაანალიზება რჩება.
„ისინი გადასცემენ თაობებს ცოდნას და განათლებას. მნიშვნელოვანია გლობალური პერსპექტივა, ინტერნაციონალიზაცია განხორციელდეს და გათვალისწინებული იყოს კურიკულუმებში. ცვლილებები მაქსიმალურად უნდა იყოს ინტეგრირებული სამუშაო სივრცეში, რომ სტუდენტებმაც სწორი მიმართულებით დაიწყონ სვლა და არამარტო ტექნიკური უნარები, არამედ ე.წ. „სოფტ სქილებიც“ გააუმჯობესონ, რასაც დამსაქმებლები როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე ითხოვენ,“ - აცხადებს აბესაძე. ისიც აღსანიშნავია, პანდემიის შემდეგ აუდიტორიებში დაბრუნებული სტუდენტების ქცევა და დამოკიდებულება საგრძნობლად შეცვლილია. შეიცვალა განათლების ტენდენციებიც და გაიზარდა ე.წ. ციფრული წიგნიერება.
„ისინი უფრო კომფორტულად იყენებენ ონლაინ რესურსებს, ეს კი სტუდენტებს ეხმარებათ მიიღონ კარგი განათლება, სადაც ინტეგრირებულია გლობალური პერსპექტივები,“ - აღნიშნავს რექტორის მრჩეველი.
შეგახსენებთ, „გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე განათლების საერთაშორისო ჯილდოს, GESS Education Award-ის 13 ფინალისტს შორის დასახელდა, რომელშიც 60 ქვეყნის განათლების სფეროს 900-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მან აღიარება მოიპოვა კატეგორიაში – „განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.