მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვი 35 000-მდე გაიზარდა - კახა შენგელია

64c2705a8b819
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.23 11:14
1174
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას განცხადებით, ახალი აკადემიური სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 35 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის დამფუძნებელმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებით ინდოელი, სუდანელი და სხვა რეგიონების ქვეყნებიდან სტუდენტები ინტერესდებიან და ეს ინტერესი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საგანმანათლებლო სივრცეში რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების გათიშვამ გამოიწვია.

„დღეისთვის უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოში 35 000-ზე ავიდა და ყველა უნივერსიტეტს, რომელსაც უცხოელი სტუდენტები ჰყავს, შემოსავალი გაეზარდა.

ახალი სასწავლო წლისთვის ქვეყანაში 35 000 უცხოელი სტუდენტია, რაც გასული წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. საქართველო რეალურად რეგიონში საგანმანათლებლო ჰაბი გახდა, რაც უკრაინაში ომის დაწყებით არის განპირობებული. ამ მიმართულებას გამოეთიშა რუსეთი და უკრაინა.

ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდათ ინდოელ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიელ, აფრიკელ სტუდენტებს, მათ შორის წელს ძალიან ბევრი სუდანელი ჩამოვა, რადგან სუდანში სამოქალაქო ომია და ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოინაცვლებს“, - აღნიშნა კახა შენგელიამ.

კითხვაზე - რამდენად მოგვარდა უცხოელი სტუდენტებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემის პროცესი, რაზეც ის მარტში გადაცემა #წერტილში საუბრობდა, კახა შენგელია აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის კუთხით ეს საკითხი გადაჭრილია და საქართველოს რეალურად ხდება განათლების ჰაბი.

„ინდოეთის მიმართულებით ელექტრონული ვიზების პრობლემა ფაქტობრივად მოგვარებულია, საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად მიუდგა ამ საკითხს. 2-3 კვირაში სტუდენტებს საქართველოში წამოსასვლელი ვიზების მიღებას შეძლებენ. ასევე ვიზების პრობლემა მოხსნილია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ეს საკითხი აფრიკის მიმართულებით რჩება გადასაჭრელი, რის შემდეგაც საქართველო რეალურად საგანმანათლებლო ჰაბის სახელს მიიღებს“, - აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, Galt&Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2022 წელს, წინა წლებთან შედარებით როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლების ზრდის ტემპი შენელდა და ჯამში 800 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლები წლიურად 4.3%-ით თითქმის 500 მილიონ ლარამდე, ხოლო კერძოს შემოსავლები 5.1%-ით 312 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სექტორში სტუდენტების მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, მზარდია კერძო სექტორის წილი, რაც ძირითადად უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სწრაფი ზრდით არის განპირობებული. Galt & Taggart-ში 2022-2023 წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდის მიზეზად ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმოსვლას ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტორი საქართველოს განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს. მათი მონაცემებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%-ს შეადგენს და სხვა ქვეყნების მაჩვენებელს, მათ შორის ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები