მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი სტუდენტებისთვის სავიზო ბარიერები უნდა მოიხსნას - კახა შენგელია

6411f7aa416ac
თელარა გელანტია
15.03.23 23:00
1134
კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებლის და პრეზიდენტის კახა შენგელიას განცხადებით, ქვეყანაში უცხოელი სტუდენტებისთვის სავიზო ბარიერები უნდა მოიხსნას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და დასძინა, რომ „თუ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, ეს ძალიან დიდი საქმე იქნება“.

„ვიზების გაცემის პროცესი დროში იწელება... ინდოელები, აფრიკელები ამბობენ, რომ უკრაინაში ისინი ვიზას იღებდნენ 1-2-3 დღეში, საქართველოში კი სჭირდებათ 20 დღე, 30 დღე... ასე არ უნდა იყოს. შემაფერხებელია. ისინიც დაიღალნენ. ამბობენ - რატომ წავიდე საქართველოში, როდესაც უზბეკეთში სამ დღეში მოგვცემენ ვიზებსო... ამდენად, საჭიროა, სავიზო ბარიერების გადაჭრა, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს. როგორც ვიცი, მთავრობაში დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა. უნდა შემოვიდეს ვიზების აღების ელექტრონული ფორმა. ეს უნდა გაკეთდეს და ძალიან სწრაფად ამოქმედდეს. მე მეტსაც ვიტყოდი - ელექტრონული ვიზები სტუდენტებს უფასოდ უნდა მივცეთ. ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან მარგებელი, ოღონდ ეს არის დროის ამბავი - თუ ჩვენ ახლა ამ ორ წელიწადს კარგად გამოვიყენებთ, საქართველო ყველგან გახდება ცნობილი“, - აცხადებს კახა შენგელია.

გადაცემაში მან იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რომლის მოტანა უცხოელ სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკისთვის შეუძლიათ.
„უკრაინაში სწავლობდა ნახევარი მილიონი უცხოელი სტუდენტი, ვინც ომის გამო უკრაინაში ვერ რჩება. ისინი რუსეთში ვერ მიდიან, ვერც - ევროპაში, რადგან მათთვის ძალიან ძვირია ევროპული უნივერსიტეტები. შესაბამისად, დარჩა საქართველო, რადგან სომხეთის და აზერბაიჯანის განათლების სისტემას ინდოეთის მთავრობა არ ენდობა. არჩევანი აქვთ ასევე ყაზახეთსა და უზბეკეთში. დღესდღეობით, როგორც ვიცით, საქართველოში ჩამოვიდა 4-დან 5000-მდე ახალი ინდოელი სტუდენტი, რომელიც სწავლობდა უკრაინაში. შეიძლება, ომის გამო, ეს სტუდენტები უკრაინასა და რუსეთში ორი წელი მაინც ვერ დაბრუნდნენ. ამდენად, მათ სადღაც ხომ უნდა ისწავლონ და ვიღაცამ ხომ უნდა აითვისოს ისინი?! საუბარია არა მხოლოდ ინდოელ, არამედ აფრიკელ, აზიელ სტუდენტებზე. ამდენად, ჩვენ ვართ დღეს იმ პოზიციაში, რომ ამ უზარმაზარი ტორტის გარკვეული ნაჭერი წამოვიღოთ ჩვენს ქვეყანაში.

„თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ დათვლებით, საქართველოში დღეს ერთი უცხოელი სტუდენტი წლიურად 10 000 დოლარს ტოვებს, რაც თანხებში რომ გადავიყვანოთ, 350 მლნ დოლარი გამოდის. ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს კიდეც“, - თქვა კახა შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, კავკასიის უნივერსიტეტში 1000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს 30 ქვეყნიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები