საქართველოში ახალი გადასახადი ამოქმედდა - 2024 წლის 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით დაიბეგრება. შესაბამისი ცვლილება "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.
გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე (კონტეინერის გახსნის შემთხვევაში);
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული – საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე.
მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს უნდა მიეწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმითა და წესით.
საკონტეინერო მოსაკრებელი დღეის მდგომარეობით შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა შეადგენს 1 კონტეინერისათვის 30 ლარს.
საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300423195
გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:
- სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;
- უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი;
- საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.
ამჟამად ცნობილია საქართველოს უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის საქმიანობის 2023 წლის შედეგები, ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პორტი 592,589 ერთეულ კონტეინერს მოემსახურა, შესაბამისად ანალოგიური ტვირთბრუნვის შენარჩუნების შემთხვევაში წელს მხოლოდ ფოთის პორტში გადამუშავებული კონტეინერებიდან სახელმწიფო 18 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალს მიიღებს.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.