მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა - მიზეზები

63bc4b8ae7253
ალა ისპირიანი
09.01.23 21:09
1698
2022 წელს საქართველოში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა. მზარდია ბიუჯეტში ავტომობილების განბაჟებისას გადახდილი აქციზის გადასახადის მოცულობაც.

"კავკასიის ავტოიმპორტის" მარკეტინგის მენეჯერმა, კახა ლომიძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ ზრდა ძირითადად მიგრანტების ეფექტმა და რეექსპორტმა გამოიწვია.

„მაგალითად, ჩვენ კავკასიის ავტომარკეტის მონაცემები გვაქვს და იქ რეექსპორტის წილი 60-70%-ია. 2022 წელს მიგრანტების ეფექტი გვქონდა, მათი ეს ყველაფერთან შედარებით მინიმალურია. ყველაზე დიდი ეფექტი რეექსპორტს აქვს და ზოგადად ავტოდილერებს და ავტოვაჭრობას. ამასთან, ამ სფეროსადმი მოთხოვნა გაიზარდა, რადგან ძალიან მაღალშემოსავლიან სფეროდ გარდაიქმნა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ამ ეტაპზე ავტომობილებზე ყველაზე მეტი მოთხოვნაა, იგი აზერბაიჯანს, სომხეთს, ყირგიზეთს, ყაზახეთს და უკრაინას ასახელებს.

„ბოლო ადგილზეა უკრაინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდანვე ბოლო ადგილზე იყო. უნდა ითქვას, რომ ახლა უკრაინიდან მოთხოვნა ზრდის ტენდენციით ხასიათდება“, - ამბობს კახა ლომიძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში, ავტომობილების აქციზით დაბეგვრიდან ბიუჯეტში 202.4 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 20%-ით ანუ 34.1 მლნ ლარით მეტია 2021 წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2021 წელს 12 თვეში ავტომობილების განბაჟებისას გადახდილი აქციზის ჯამური მოცულობა 185.3 მლნ ლარი იყო.

საქართველომ 11 თვეში 1.39 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა, ზრდა 66%-ია. ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ მკვეთრ ზრდაში ასევე ასახულია მსუბუქ ავტომობილებზე მკვეთრად მომატებული ფასებიც. რეექსპორტზე კი, ამავე პერიოდში 762.8 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა, 82%-ით მეტი, ვიდრე შარშან. ავტომობილების ნაწილი კი, ქვეყნის ავტოპარკს შეემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები