მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ბევრმა ჯერ არ იცის, რა არის ანგუსი და რა არის შვიცი - ფერმერი გამოწვევებზე

ანგუსი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ზანავში მდებარე მეხორცულ-მერძეული შვიცისა და ანგუსის ფერმის დამფუძნებელი, იმედა ბოლქვაძე BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ანგუსის ხორცზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა საზოგადოებაში ამ ჯიშის მიმართ ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია.

ფერმერი, რომელიც სოფლის მეურნეობაში 2016 წლიდან საქმიანობს, 2021 წელს საკუთარი მეხორცულ-მერძეული ფერმა დააფუძნა. მისი თქმით, მეურნეობა 160-170 სული საქონელზეა გათვლილი. ამჟამად, ფერმაში 60-მდე სულ ანგუსი და შვიცი ბინადრობს. პირუტყვი ფერმერმა ესტონეთიდან და ამერიკიდან შეიძინა.

ბოლქვაძის თქმით, ფერმაში ხორცისა და რძის რეალიზაცია ყველაზე რთული ნაწილია, რადგან მცირე რაოდენობის გამო დიდ ქსელურ მაღაზიებთან თანამშრომლობა არ არის მოგებიანი.

„ანგუსს ჩრდილოამერიკულ ოქროსაც კი უწოდებენ, რადგან მისი ხორცი ბაზარზე ძვირად ფასობს. ქსელურ მაღაზიებში ანგუსის ხორცი 95 ლარამდე ღირს, მაშინ როცა ჩვენთან მისი ფასი 20-21 ლარია. მოთხოვნა ნამდვილად არის, მაგრამ ცნობიერების ამაღლების პრობლემა გვაქვს. ბევრმა ჯერ არ იცის, რა არის ანგუსი და რა არის შვიცი“, – ამბობს იმედა ბოლქვაძე.

ბოლქვაძის საოჯახო მეურნეობაში ამჟამად მხოლოდ ერთი დამხმარე მუშაობს, ხოლო საქმიანობაში თავად და მისი ოჯახი აქტიურად არიან ჩართულნი. ფერმის განვითარებაში ჯამში დაახლოებით 230,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ფერმერი გეგმავს, რომ მომავალ წელს თბილისში საკუთარი სარეალიზაციო ობიექტი გახსნას, სადაც მხოლოდ საკუთარი წარმოების ხორცი და რძე გაიყიდება. პროექტი ამ ეტაპზე იდეის დონეზეა და ფინანსური კალკულაცია ჯერ არ ჩატარებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები