მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ჩინურ ავიაკომპანიებს წელს მგზავრების 90%-იანი ზრდა ჰქონდათ - სამინისტრო

China Southern Airlines

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან მგზავრების რაოდენობა წლიურად 45%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის ხუთ თვეში ზრდა 90%-ს აჭარბებს.

კერძოდ, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 57 184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29 212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია.

ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებენ China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ჯამში, სამგზავრო ფრენები კვირაში 10 სიხშირით ხორციელდება. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ სატვირთო ავიაგადაზიდვების სფეროშიც, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან.

უწყების ცნობითვე, "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ხან ძუნი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობა.

"ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას,“ - განაცხადა ნადარეიშვილმა. საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები