მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკ.ზრდა ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. ამის შესახებ ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კონფერენცია ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მუდმივად უწევს გამოწვევებთან გამკლავება. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც გამოწვევად რჩებოდა, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.

„საქართველოში ჩამოყალიბდა საკმაოდ სასიკეთო კომბინაცია - დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის სახით თანხვედრა რამდენიმე წელია ნარჩუნდება, რაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. თუმცა კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, და ამდენად, საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლარი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა და მის შექმნას წინ ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია უძღოდა.

„გასული სამი ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე გამოწვევებით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია – ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო სისტემას. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან კი ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სავაჭრო დაძაბულობამ - რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და გაართულა ფასებისა და საფინანსო სტაბილურობის შენარჩუნება. ამან ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა, რათა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ გამოწვევებით სავსე გარემოში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“, 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები