საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა, - ამის შესახებ ავტომობილების რეგისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა. 2023 წელს ქვეყანაში 1,914 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც 2022 წელთან შედარებით 95%-ით, ანუ 933 ავტომობილით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ ელექტრომობილებს შორის პირველ ადგილზეა Nissan Leaf-ი, რომლის მოდელების რაოდენობაც 2023 წლის ბოლოსთვის 1,802 იყო. მეორე პოზიციას იკავებს Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილები, რომელთა საერთო რაოდენობაც 905-ია. მათ შორის 573 ავტომობილის იმპორტი 2023 წელს განხორციელდა, შესაბამისად გასულ წელს ქვეყანაში მოძრავი Tesla-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა.
იმპორტის სტატისტკის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილ Volkswagen ID4-ის რაოდენობა 131-ია, ხოლო ჩინური მწარმოებლის, BYD-ის ელექტრომობილების რიცხვია 60. ამასთან ქვეყანაში რეგისტრირებულია Porsche Taycan-ის 78 მოდელი, რომლის სასტარტო ღირებულებაც $100 ათასი დოლარიდან იწყება.
საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდა გლობალურად ამ კატეგორიის ავტომობილებზე ფასების შემცირებას უკავშირდება. ამასთან, იმპორტის მთავარ ბაზარზე, ანუ აშშ-ში გაიზარდა 6-7 წლის ელექტრომობილების რაოდენობა, რაც შესაბამისად მათ მეორად ბაზარზე გადასვლას განაპირობებს.
წლების მიხედვით, ელექტრომობილების იმპორტი ასე ნაწილდება:
- 2017 წელს - 767 ელექტრომობილი;
- 2018 წელს - 615 ელექტრომობილი;
- 2019 წელს - 790 ელექტრომობილი;
- 2020 წელს - 359 ელექტრომობილი;
- 2021 წელს - 324 ელექტრომობილი;
- 2022 წელს - 981 ელექტრომობილი;
- 2023 წელს - 1,914 ელექტრომობილი.
საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ელექტრომობილებისთვის განბაჟების განაკვეთი 0 ლარია.