მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში 204 კგ რძეს და რძის პროდუქტს მოიხმარს - მაჩვენებელი მზარდია

რძე

უახლესი სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 204 კილოგრამია.

როგორც საქსტატის სოფლის მეურნეობის პორტალზე არსებული მონაცემები აჩვენებს, 2022 წელს მოხმარება 191 კგ იყო, 2023 წელს კი 204 კგ-მდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე წელიწადში (კილოგრამი)

2023 წელს ჯამურმა მოხმარებამ 9 ათასი ტონა შეადგინა. მაჩვენებელი 2021-22 წლებშიც ანალოგიური იყო.

რძისა და რძის პროდუქტების სასურსათო მოხმარება (ათასი ტონა)

2023 წლის მონაცემებით, რძისა და რძის პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების წილს ასახავს 75% იყო. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება და თუ 2014 წელს 90%-ს შეადგენდა, 2022 წლიდან უკვე 80%-ს ჩამოსცდა.

რაც შეეხება წარმოებას, ქვეყანამ 2023 წელს 584 ათასი ტონა რძე და რძის პროდუქტები აწარმოვა, რაც მეტია 2022 წლის 565 ათას ტონაზე.

რძისა და რძის პროდუქტების წარმოება (ათასი ტონა)

მზარდია იმპორტი და 2023 წელს რეკორდულ 197 ათასი ტონას მიაღწია. 2022 წელს კი იმპორტი 175 ათასი ტონა იყო.

რძისა და რძის პროდუქტების იმპორტი (ათასი ტონა)

ექსპორტი კი ბევრად ჩამორჩება იმპორტს და 2023 წელს 5 ათასი ტონა შეადგინა. ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი, 27 ათასი ტონა, 2020 წელს დაფიქსირდა.

რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტი (ათასი ტონა)

ცნობისთვის, მერძევეობის მიმართულებით მოქმედი ბიზნესგაერთიანებები დარგში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ერთი მხრივ „სკინტლისა და რძის სკანდალისა“ და მეორე მხრივ „სოფლის ნობათის“ იმპორტირებულ რძის პროდუქტში აფლატოქსინის აღმოჩენამ, მათი ინფორმაციით, დარგის წარმომადგენლები გამოწვევების წინაშე დააყენა და გაყიდვებზე ნეგატიურად აისახა.

„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები