მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა DFC-ს ინვესტიციით ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს

62da67ca17b44
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.22 14:27
2538
საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა DFC-ს ინვესტიციით ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს. ამ მიზნით, საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტმა Information Communication Systems-მა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 4 მილიონი დოლარის გრძელვადიანი სესხი აიღო, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, 3 000 კვ/მ-ზე აშენდება.

როგორც Information Communication Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო მენთეშაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით და დამატებითი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნით, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი როგორც ქვეყნის, ისე ზოგადად, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის დეტალებზე საუბრისას ის აცხადებს, რომ ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა აგვისტოდან დაიწყება და 18 თვე გაგრძელდება; მისი ამოქმედების შემდეგ კი 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„საქართველოში ამ პროექტის ანალოგი არ არსებობს. ლოგისტიკური ცენტრი პირველ რიგშიმ FedEx-ის გადაზიდვებს მოემსახურება, თუმცა მისი საკვანძო და მნიშვნელოვანი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი საქართველოში მოქმედ მცირე თუ დიდ კომპანიებს ლოგისტიკური სერვისის აუთსორსზე გატანის შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისად, კომპანიებს საკუთარი საწყობების შეძენა და მართვა არ მოუწევთ, რაც საკმაოდ ხარჯიანი საქმეა. კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენ ვაწარმოებთ მათი პროდუქციის შენახვას, რეპორტინგს, ქსელის ყოველდღიურ მომარაგებას. საქართველოში ეს კონცეფცია არ არსებობს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება მიბმული ელექტრონულ კომერციაზე, ანუ ჩვენი საწყობის მომსახურება მიბმული იქნება ელექტრონულ პლატფორმებზე და პროდუქციის მიწოდებას მაღაზიის ძალისხმევის გარეშე განვახორციელებთ“, - განმარტა ნინო მენთეშაშვილმა.

Information Communication Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი, მათ მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციდან ფინანსური რესურსის მოზიდვის პროცესზეც საუბრობს და ამბობს, რომ DFC-ის მოთხოვნების უმრავლესობის დაკმაყოფილება შეძლეს.

„როდესაც DFC-ში დაფინანსების მოპოვებისას პროექტის შეფასება მიმდინარეობდა, ჩვენ 4-დან სამ კრიტერიუმში მაღალი შეფასება ავიღეთ - ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილი, ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ლოგისტიკის ინდექსი 124-ია, რაც ძალიან დაბალია და მესამე კომპონენტი იყო ქალების ლიდერშიპი კომპანიაში - ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი სრულად ქალებით არის წარმოდგენილი, რაც საქართველოში და განსაკუთრებით ლოგისტიკის ნაწილში უჩვეულო მოცემულობაა“, - აღნიშნა მან.

ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ ერთიან, მაღალი სტანდარტების ლოგისტიკურ ცენტრზე მოთხოვნა დიდია და პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია მის განვითარებაზე დაიწყებს ზრუნვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები