Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ხორცის წარმოება მზარდია, თუმცა სექტორი კვლავ იმპორტ დამოკიდებულია.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 74.6 მლნ კგ ხორცი იწარმოა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 49.9% იყო. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყანაში ფრინველის ხორცი იწარმოება, რაზეც 32.8% მოდის, შემდეგ 31.9%-იანი წილით საქონლის ხორცის წარმოება, 27.7%-იანი წილით ღორის ხორცის და 7%-ით ცხვრის და თხის ხორცის წარმოება მოსდევს.
ამასთან, გასულ წელს 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ფრინველის ხორცის წარმოება 1.9%-ით გაიზარდა, 2022 წელს ჯამში 25 მლნ კგ ფრინველის ხორცის წარმოება მოხდა; საქონლის ხორცის წარმოება ასევე 2017 წელთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და 2022 წელს 24 მლნ კგ შეადგინა; ღორის ხორცის კი ბოლო ხუთ წელიწადში 6%-ით გაიზარდა და გასულ წელს 21 მლნ კგ იყო. რაც შეეხება ცხვრისა და თხის ხორცის წარმოებას, 2017 წელთან შედარებით, ის 4.9%-ით შემცირდა და შარშან 5 მლნ კგ იწარმოა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წელს ქვეყანამ ჯამში 162.1 მლნ დოლარის ღირებულების 101.1 მლნ კგ ხორცი იყიდა, ექსპორტზე კი მხოლოდ 45.6 მლნ დოლარის 26.2 მლნ კგ გაიტანა.
მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის უმსხვილესი სექტორია. 2022 წელს სოფლის მეურნეობის ბიზნესის 915.5 მლნ ლარიან ბრუნვაში ამ დარგზე 50.7% მოდის. 2023 წლის მონაცემებით კი მეცხოველეობის მიმართულებით 611 კომპანია ოპერირებს. ამასთან დარგში 3 მსხვილი, 9 კი საშუალო კომპანია ფიქსირდება.