12 წლის შემდეგ ყულევში ნავთობ გადამმუშავებელი ქარხნის პროექტი წარადგინეს. პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს, მისი ჯამური ღირებულება კი 700 მილიონი დოლარია. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია.
ჯერჯერობით უცნობია რომელი ქვეყნებიდან შეისყიდის ნავთობს "ბლექ სი პეტროლიუმი", რომელსაც გადაამუშავებს, თუმცა როგორც პრეზენტაციაზე ირკვევა საწარმოებს ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ სრულად იქნება შესაძლებელი ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილება და ევროპაში ექსპორტის განხორციელება.
ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ ნედლი ნავთობის შემოტანა თეორიულად შეიძლება რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან მოხდეს, თუმცა დიდ მწარმოებლები, რომლებიც ნავთობს მოიპოვებენ, თავადვე ამუშავებენ.
“საიდან უნდა შემოვიდეს ნედლი ნავთობი არ ვიცი, დიდი მწარმოებლები, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ თვითონ აქვთ თავიანთი გადამამუშავებელი საწარმოები. ე.წ თავისუფალი ნავთობი რეგიონში შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ან ყაზახეთს, საიდანაც როგორ მოხდება შემოტანა ნედლეულის არ ვიცი. ასევე შეიძლება ეს იყოს აზერბაიჯანი. თუმცა რამდენად აწყობს ამ ქვეყნებს ან რამდენად მოახერხებენ თან ომის პირობებში საკმაოდ რთული სათქმელია.
ყველაზე დიდი პრობლემა აქ შეიძლება იყოს ინვესტიციის მოზიდვა ამის ასაშენებლად. ვინ ჩადებს ქვეყანაში 500 მილიონ დოლარს მაინც, სადაც უნდა განახორციელოს გრძელვადიანი ინვესტიცია საკმაოდ დიდი რისკებით ფეთქებადსაშიშ რეგიონში,” - ამბობს ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ს დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს ქარხნის ტერიტორიაზე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ხაზით შემოტანას, დასაწყობებას და გადამუშავებას. პროექტით გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის გადამუშავება, ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე შეადგენს მილიონ 121 ათას ტონას წელიწადში, რისთვისაც მოეწყობა 89000 კუბურ მეტრიანი სარეზერვუარო პარკი.
ენერგეტიკოსის შეფასებით, სარკინიგზო ტრანსპორტი ნედლეულის ღირებულებას აძვირებს, რაც ადგილზე გადამუშავებული ნავთობის ღირებულებას არაკონკურენტულს ხდის.
“სარკინიგზო ტრანსპორტი აძვირებს ნედლეულის ინფრასტრუქტურას. ჯერ ერთი სარკინოგზო ინფრასტრუქტურა იქნება გასაუმჯობესებელი, ესეც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ეს რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ რაიმე დიდ ნავთობკომპანიას, რომელსაც აქვს თავისი მოპოვება, ანუ თვითონ მოიპოვებს და გადაამუშავებს, ასევე აქვს მილსადენი ბევრად უფრო მოქნილ და უკეთეს ფასში გაყიდის თავის ნავთობს.
ამ შემთხვევაში თუ ეს პროდუქტი საქართველოსთვის არის განკუთვნილი მაშინ გაუჭირდება კონკურენცია უკვე გადამუშავებულ პროდუქტს, რომელსაც საქართველო გადამუშავების შემდეგ იღებს. შეიძლება შეძენილი ნავთობი უფრო იაფი იყოს ვიდრე გადამუშავებულ,.”- ამბობს ენერგეტიკოსი.
როგორც ცნობილია, ყულევში ნავთობ გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ კი პროექტის რიგით მესამე ინვესტორია.