საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) შედეგებს აქვეყნებს.
2021 წელს კვლევაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა; წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში 346 992-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობდა 190 სკოლის 5 637 მოსწავლე.
PIRLS 2021-ის კვლევა მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო წინა ციკლებთან შედარებით განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა.
"კვლევაში მონაწილე ქვეყნებში პანდემიის გამო არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარების, ტესტირების ჩატარების სხვადასხვა პერიოდისა და მოსწავლეთა განსხვავებული საშუალო ასაკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით (IEA), მიზანშეწონილია ერთმანეთს არ შედარდეს იმ ქვეყნების შედეგები, რომლებმაც ტესტი შემოდგომაზე წერეს იმ ქვეყნების შედეგებთან, რომლებმაც ტესტი გაზაფხულზე შეასრულეს.
ტესტის ჩატარების პერიოდში მოსწავლეთა საშუალო ასაკი საქართველოში 5 თვით აღემატებოდა ქვეყნების უმრავლესობის მოსწავლეთა საშუალო ასაკს. მსგავსი სიტუაცია იყო კიდევ 13 ქვეყანაში, სადაც ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, წინა ციკლებთან შედარება გართულებულია. PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა.
წიგნიერებაში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად კვლევის ამოცანას მოსწავლის წიგნიერების მიღწევებსა და წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაზე სკოლის, მასწავლებლისა და ოჯახის ფაქტორების ზეგავლენის შესწავლაც წარმოადგენს. ამ ფაქტორების ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები კვლევის ეროვნული ანგარიშის სახით მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე გაგაცნობთ რამდენიმე ზოგად მიგნებას:
კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ, გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში. დანარჩენ 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით. საქართველოში სქესის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნარჩუნდება კვლევის მთელი ციკლის განმავლობაში;
ბოლო წლების კვლევების თანახმად, საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლების შედარებითი ანალიზი მოსწავლეთა წიგნიერებაში ნაჩვენებ მიღწევებში ქალაქის სკოლების უპირატესობას ავლენს, თუმცა 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019);
2021 წლის კვლევაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შენარჩუნდა. კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას", - ნათქვამია PIRLS-ის პრესრელიზში.