ეროვნული მნიშვნელობის თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააყენა, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში შევიტანეთ საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის" ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები თვისებრივად გადასახედია.
„ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იგივე ისტორიის, ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა არა მარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, გზამკვლევი, სადაც ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში. ამან, სხვათა შორის კონკრეტული სუბიექტების სერიოზული გაგულისება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ე.წ ენჯეოები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტები, განათლების სისტემაში „მოღვაწე“ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებიან, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო ეროვნული იდენტობის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე და ა.შ. მანამდე იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების გაღვივება. ეს ყველაფერი ამოვიღეთ და ჩავანაცვლეთ ეროვნული იდენტობით, პატრიოტიზმით და ა.შ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის აზრით, მიზანმიმართულად, წლიდან წლამდე, განსაკუთრებით ისტორიისა და ლიტერატურის მიმართულებით სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა ხდებოდა იმისთვის, რომ დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული იდენტობის თუ რელიგიური იდენტობის და ა.შ.
"ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სრულად აღსრულდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავამტკიცეთ. ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და შემდეგ მთლიანად სასწავლო პროგრამა თავისი სახელმძღვანელოებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოს ისტორიის ბევრად უფრო ღრმად შესწავლაზე და ქართული ლიტერატურის ბევრად უფრო ღრმად შესწავლაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.