მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში I ლიცენზირებული ონლაინ სასესხო პლატფორმა ამოქმედდება - რას სთავაზობს მომხმარებლებს Ranko?

რანკო

სასესხო ციფრულმა პლატფორმა Ranko-მ ეროვნული ბანკის საკრედიტო პლატფორმის ლიცენზია მოიპოვა. ვებსაიტით სესხის აღების მსურველს საშუალება ექნება, ერთი განაცხადის პრინციპით რამდენიმე ბანკის სასესხო შეთავაზება მიიღოს და მისთვის სასურველი აარჩიოს. ამ საკითხზე BM.GE-სთან Ranko-ს აღმასრულებელი დირექტორი, ზურა კახიძე საუბრობს.

“პლატფორმაზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ, ეროვნული ბანკის ლიცენზია კი 10 დღის წინ მოვიპოვეთ. იდეა შემდეგია: Ranko-ს საშუალებით მომხმარებელი უკავშირდება რამდენიმე ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, იღებს მათგან სასესხო შემოთავაზებას და აქვს შესაძლებლობა, მისთვის სასურველი პირობები აირჩიოს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა დრო არ დაკარგოს ბანკიდან ბანკში სიარულით, როცა შეუძლია, ერთ სივრცეში, ონლაინ დაიმტკიცოს სესხი და მისთვის სასურველი შეთავაზება აარჩიოს.

Ranko-ს გუნდს საბანკო გამოცდილება აქვს და მას შემდეგ, რაც საბანკო სივრცე დავტოვეთ, აღმოჩნდა, რომ ხშირად მოდიოდნენ ადამიანები კითხვებით, რომელ ბანკს გვირჩევთ, ვის აქვს ყველაზე დაბალი პროცენტი და უკეთესი პირობებიო. დავინახეთ პლატფორმის საჭიროება და 700 კაციანი კვლევაც ჩავატარეთ, რითაც აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას ეს პრობლემა უდგას, ბანკებში ვიზიტებზე და პირობების შედარებაზე დიდ დროს კარგავენ”, - ამბობს ზურა კახიძე.

Ranko მოლაპარაკებებს რამდენიმე ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან აწარმოებს და მათი სია პლატფორმის ამოქმედების შემდეგ გახდება ცნობილი. Ranko-ს ბიზნესმოდელის თანახმად, პლატფორმით სარგებელს როგორც მომხმარებელი, ისე საფინანსო ინსტიტუტიც იღებს, რადგან მას მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის ხარჯების გაღება არ უწევს.

“ჩვენი ბიზნეს მოდელი სრულიად განსხვავებულია. ბანკების ინტერესებში ისაა, რომ მათ საკომისიოს გადახდა მხოლოდ წარმატებული დაკრედიტების შემთხვევაში უწევთ, შესაბამისად, არ სჭირდებათ მარკეტინგული ხარჯის გაწევა ისე, რომ შედეგი წინასწარ არ იცოდნენ. მომხმარებელი კი საკომისიოს Ranko-ს არ უხდის.

მსოფლიოში Ranko-ს მსგავსი პლატფორმის ანალოგები მეტ-ნაკლებად არსებობს და მათი ოპერირება ადგილობრივ რეგულატორებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ვიცით, არსებობს რამდენიმე სტარტაპი, რომელიც ჩვენგან განსხვავებული მოდელით მუშაობს. ჩვენ ვიქნებით პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს”, - ამბობს ზურა კახიძე.

Ranko-ზე 11 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს, პლატფორმის შესაქმნელად კი როგორც ადგილობრივი, ისე კანადური ინვესტიციები განხორციელდა. სასესხო პლატფორმა პირველ ეტაპზე სესხს ფიზიკურ პირებს შესთავაზებს, მოგვიანებით კი იმავე შესაძლებლობას ბიზნესებისთვის შექმნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ Ranko თავის სერვისებს მხოლოდ ქართველ მომხმარებლებს არ შესთავაზებს: “უკვე ვიკვლევთ ცენტრალური აზიის, ინდოეთისა და ინდონეზიის ბაზრებს და ინდონეზია შესაძლოა პირველი ქვეყანა იყოს, სადაც ოპერირებას დავიწყებთ”.

Ranko-ს საკრედიტო პლატფორმა, სავარაუდოდ, დეკემბრიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები