საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) რუსეთიდან და ირანიდან არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო. შესაბამისად, სააგენტო შეისწავლის ხომ არ იყიდება იმპორტირებული არმატურა საქართველოში ნორმალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, რაც ადგილობრივ ინდუსტრიას აზიანებს.
როგორც ირკვევა, გასულ სამ წელში ირანიდან და რუსეთიდან იმპორტის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მოცულობა მზარდი იყო, ერთეულის ფასი კი კლებადი.
სააგენტოს ცნობით, 2021-2023 წლებში, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 4%-დან 42%-მდე, ხოლო ირანის შემთხვევაში, 12%-დან 30%-მდე არის გაზრდილი. GCCA-ს ინფორმაციით, პროდუქციის ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/ტონა) ირანის შემთხვევაში თანაბრად კლებადია, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მზარდია, 2023 წელს კი 2022 და 2021 წელთან შედარებით - კლებადი.
გასულ წელს, საქართველომ ირანიდან 60,291 ტონა, 34.6 მლნ აშშ დოლარის არმატურა იყიდა. 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 574 აშშ დოლარი იყო. რუსეთიდან იმპორტი შეადგენდა 86,117 ტონას, 50.5 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 586 აშშ დოლარს.
აღსანიშნავია, რომ GCCA-ს მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენისთვის 12 თვე აქვს, ეს ვადა შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს. დემპინგის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში კი მთავრობას შეუძლია სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შემოიღოს 5 წლის ვადით.