მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კომპიუტერების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

MacBooks

ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის გაციფრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ზრდის, როგორც ადამიანების პროდუქტიულობას, ასევე მათ ეფექტიანობას.

სახელმწიფოს გაციფრულება ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ ნებისმიერი ასეთი სცენარი ქვეყანაში სწრაფი და სტაბილური ინტერნეტის და დიდი რაოდენობით სმარტფონებისა და კომპიუტერების არსებობას მოითხოვს.

პანდემიის შემდეგ, საქართველოში კომპიუტერების იმპორტი მკვეთრად არის მომატებული, მაგრამ რეალურად, ამ პროდუქტის იმპორტი ციკლურობით ხასიათდება. 2009-დან 2012 წლის ჩათვლით კომპიუტერების იმპორტმა მკვეთრად იმატა და იმ დროს რეკორდულ $104.8 მილიონს მიაღწია. შემდეგ წლებში, იმპორტმა მკვეთრად იკლო და 2015 წელს სულ რაღაც $58.9 მილიონი შეადგინა. შემდეგი რეკორდი 2018 წელს დაფიქსირდა, მაგრამ პანდემიის დროს იმპორტმა მკვეთრად იკლო და ზრდა მხოლოდ 2021 წლიდან განახლდა. ისტორიული რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოში $184.2 მილიონის კომპიუტერები შემოვიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იმპორტმა კვლავ იკლო და გასულ წელს $159.4 მილიონი შეადგინა.

გასულ წელს, ყველაზე დიდი ღირებულებით კომპიუტერები ჩინეთიდან შემოვიდა, რაც გასაგებიცაა, რადგან კომპიუეტერების დიდი ბრენდები, მათ შორის Lenovo და Huawei სწორედ ამ ქვეყნიდან არიან. გასულ წელს, ჩინეთიდან $59.8 მილიონის ღირებულებები კომპიუტერები შემოვიტანეთ, რაც რეკორდული მაქსიმუმია და 2022 წლის შედეგებს ერთბაშად $17.5 მილიონით, ანუ 41%-ით მეტია. ჩინეთთან ერთად, ამ რეიტინგში ჩეხეთს, ჰონგ-კონგს, ნიდერლანდებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ვხვდებით, სადაც კომპიუტერებს არ აწარმოებენ. თუმცა ამ ქვეყნების გამოჩენა უცნაური მაინც არ არის, რადგან თითოეული მათგანი ელექტრონიკის რეგიონული სადისტრიბუციო ჰაბის ფუნქციას ასრულებს.

საინტერესო გარემოებაა, რომ კომპიუტერების იმპორტის ზრდის დინამიკა წელს არათუ არ შენარჩუნდა, არამედ მკვეთრად იმატა. თუ 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში $75.7 მილიონის ღირებულების კომპიუტერები შემოვიდა, წელს ამ მაჩვენებელმა $140 მილიონი შეადგინა, რაც 84%-ით მეტია, ანუ იმპორტი, ფაქტობრივად, გაორმაგდა. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, რაც მოსალოდნელია, წლიურ ჭრილში წელს კომპიუტერების იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება.

თუმცა სანამ ეს მოხდება, დეტალი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს ისაა, რომ წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა საიმპორტო ქვეყნების კომპოზიცია. თუ შარშან, პირველ ადგილს ჩინეთი იკავებდა, წელს ლიდერი ქვეყნის ტიტული ჰონგ-კონგმა მიიღო, საიდანაც $73.9 მილიონის კომპიუტერები შემოვიდა. ჩინეთიდან ამ პერიოდში $22.8 მილიონის ღირებულების კომპიუტერები ვიყიდეთ, რითაც ამ ქვეყანამ მეორე ადგილი დაიკავა. მესამე და მეოთხე ადგილები ნიდერლანდებმა და ჩეხეთმა დაიკავეს, ხოლო მეხუთე ადგილზე - პანამას ვხვდებით, რომელიც ასევე რეგიონული სადისტრიბუციო ჰაბის როლს ასრულებს, ოღონდ - ამერიკული კომპანიებისთვის.

მაშ, რა განაპირობებს საქართველოში კომპიუტერების იმპორტის ზრდას? პირველ რიგში, ეს ტენდენცია გლობალური დინამიკით აიხსნება, რადგან 2024 წლის პირველ კვარტალში კომპიუტერების მიწოდების მაჩვენებელმა 2%-ით იმატა. წლის პირველ სამ თვეში მწარმოებლებმა მსოფლიოში 265.4 მილიონი ერთეული კომპიუტერი გაყიდეს, რაც ხელოვნური ინტელექტის ბუმით და კომპიტერებში ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებით აიხსნება. გლობალურად ყველაზე მეტ კომპიუტერს ჩინური Lenovo ყიდის, რომელზედაც ბაზრის 23%-იანი წილი მოდის. შემდეგ ადგილებს ამერიკული კომპანიები, მათ შორის HP, Dell-ი და Apple-ი იკავებენ, მეხუთე ადგილზე კი 6.2%-იანი ბაზრის წილით ტაივანური Acer-ი მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები